ცალკე უნდა მოვყვეთ იმ სასწაულზე, რომელსაც ბათუმის ბოტანიკური ბაღი ჰქვია. მას აქ ყველა მწვანე კონცხს ეძახის და სახელიდანაც ცხადია, რომ ეს ადგილი მართლაც ჰგავს წარმოსახვით ედემის ბაღს, ოღონდ რეალურად არსებობს და ბათუმიდან სულ რაღაც 9 კილომეტრში მდებარეობს. მისი შექმნა ერთდროულად რამდენიმე მკვლევარს უკავშირდება. ყველაფერი მე-19 საუკუნეში დაიწყო, თანდათან განვითარდა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა პარკი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის უნიკალურ ფლორისტულ კოლექციებს შეხვდებით. ის სამ ნაწილად იყოფა - ზედა, შუა და ზღვისპირა პარკებად და ასევე დაყოფილია აღმოსავლეთ აზიის, ჰიმალაის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, მექსიკის, ჩრდილოეთ ამერიკის, სამხრეთ ამერიკის და ხმელთაშუა ზღვის განყოფილებებად. აქ ზღვა ყოველთვის სუფთა და კამკამაა, იმდენად, რომ წყნარ ამინდში მის ფსკერზე ათასფრად აბრჭყვიალებულ კენჭებსაც იოლად დაინახავთ. თუ ხალხმრავალი პლაჟები არ გიყვართ, მაშინ შეგიძლიათ თავი მწვანე კონცხს შეაფაროთ და ზღვის მშვიდ ტალღებში შეცუროთ.
გააზიარეთ