ბათუმში უამრავი მუზეუმი, არქიტექტურული თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ან უბრალოდ ლამაზი ადგილია. ქალაქში მდებარე ათამდე სხვადასხვა მუზეუმს შორის ყველაზე საინტერესოა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის სახელმწიფო მუზეუმი, რომელიც ადრე მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სახელით იყო ცნობილი. აქ 170 ათასამდე ექსპონატია დაცული. ჩამოთვლას არ დავიწყებთ, თუმცა გეტყვით, რომ ინტერესების დაკმაყოფილება მუზეუმში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. აქ ნახავთ უნიკალური იარაღების კოლექციას, ქართული ოქრომჭედლობის გენიალურ ნიმუშებს, ბერძნული მეთუნეობის შედევრებს, ჭურვებს, რომლითაც ქალაქს ბომბავდნენ და ენდემური ფაუნის უიშვიათეს ფიტულებს. მოკლედ, ამ მუზეუმზე სხვას ვერაფერს გეტყვით, ის აუცილებლად უნდა ნახოთ თქვენი თვალით.
თუ ანტიკური, ბრინჯაოს ან ბრინჯაომდელი პერიოდები გაინტერესებთ, ფეხით შეგიძლიათ გაიაროთ ორი კვარტალი და მოინახულოთ ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელშიც 29 ათასამდე ისტორიული არტეფაქტია დაცული, რომელთა უმრავლესობაც ქართველი არქეოლოგების მიერაა აღმოჩენილი. თუ სახვითი ხელოვნების მოყვარული ხართ, ხელოვნების მუზეუმი სახელმწიფო მუზეუმისგან ზუსტად 100 მეტრითაა დაშორებული.