ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ლანდშაფტის არქიტექტურის დღემდე შემორჩენილი ერთ-ერთი უძველესი ნიმუშია. მისი შექმნა უკავშირდება სამეგრელოს მთავარს, დავით დადიანსა და მის მეუღლეს, ეკატერინე ჭავჭავაძეს. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ დავით დადიანმა სასახლესთან მდებარე ტყის ნაწილი შემოღობა და გადაწყვიტა დეკორატიული ბაღი გაეშენებინა. ამისათვის მან მებაღეები დაიქირავა, რომლებსაც მუდმივად უნდა მოევლოთ ტერიტორიისთვის. მოგვიანებით ბაღზე ზრუნვა მისმა მეუღლემ ეკატერინე ჭავჭავაძემ გადაიბარა, რომელმაც იტალიის ქალაქ ტრიესტიდან მთავარ დეკორატორად პროფესიონალი მებაღე ჟოზეფ ბაბინი მოიწვია. მან ფრანგული სიმეტრიული სტილით დაგეგმა ბაღი, შექმნა ხელოვნური პეიზაჟები, რომლებიც იდეალურად შეახამა ბუნებრივ მოცემულობებს. მოგვიანებით, რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს, ოსმალეთის საოკუპაციო ჯარმა ბაღი მიწასთან გაასწორა. ეკატერინე ჭავჭავაძემ პარიზიდან დაბრუნების შემდეგ ბაღის აღდგენა დაიწყო და იტალიიდან მებაღე-დეკორატორები, ძმები ჯოვანი და გაეტანო ზამბერლეტები მოიწვია. ბაღში მოეწყო ხეივნები, აუზები, ხელოვნური კუნძული და გამდიდრდა ახალი მცენარეებით. იგი დღემდე წარმოადგენს ლანდშაფტის არქტიტექტურის ერთ-ერთ ბრწყინვალე ნიმუშს და საფიქრებელია, რომ სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი მეგრელების ეზოებისა და ბაღებისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, რაც დღემდე განასხვავებს სამეგრელოს საქართველოს სხვა კუთხეებისგან. რაც მთავარია, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი საშუალებას გვაძლევს ფიზიკურად შევიგრძნოთ მე-19 საუკუნის არისტოკრატიის ცხოვრება, წარმოვიდგინოთ, როგორი იყო სამყარო მაშინ, როდესაც ადამიანს ჯერ კიდევ არ დაეკარგა კავშირი ბუნებასთან და შორ მანძილებზე ინფორმაციას მხოლოდ ხელნაწერი წერილებით გადასცემდა. ეს ბაღი ძველი, თითქოს მივიწყებული, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი რომანტიზმის ეპოქის სულს სრულყოფილად გადმოსცემს.
გააზიარეთ