ზუგდიდის ერთ-ერთი მთავარი სიამაყე სამეგრელოს მთავრების, დადიანების სასახლის სამუზეუმო კომპლექსია, რომელიც მოიცავს სამეგრელოს დედოფლის, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის და თავად ნიკო დადიანის სასახლეებს, კარის ეკლესიას და ბოტანიკურ ბაღს.
 
დედოფლისეულ სასახლეს რეკონსტრუქცია XIX საუკუნის 60-იან წლებში გერმანელმა არქიტექტორმა რაისმა ჩაუტარა, ხოლო ნიკო დადიანის ორსართულიანი სასახლე XIX საუკუნის 80-იან წლებში რუსმა არქიტექტორმა ვასილევმა ააშენა.

დადიანების სასახლეში მრავალი მნიშვნელოვანი ექსპონატია დაცული. აქ შეხვდებით ოქრომჭედლობის იშვიათ ნიმუშებს, ანტიკური საბერძნეთისა და ძველი კოლხეთის კულტურის ამსახველ არქეოლოგიურ მასალებს, ქრისტიანულ სიწმინდეებს, რომელთა შორისაა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი. ის 1453 წელს, ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ ჩამოიტანეს. აქვე ინახება დადიანების ოჯახის რელიკვიები: უნიკალური ავეჯი, მემორიალური ნივთები, ჭურჭელი, ნაპოლეონ ბონაპარტის ბრინჯაოს ნიღაბი, რომელიც პარიზში 1833 წელს ფრანჩესკო ანტომარკიმ ჩამოასხა და მსოფლიოში მხოლოდ სამია. ყველაფერთან ერთად კი აქვე ნახავთ ევროპელი მხატვრების უნიკალურ ნამუშევრებს. სასახლის არქიტექტურა, ინტერიერი, გარემო და ექსპოზიციები მნახველის თვალწინ ათასწლოვან ისტორიებს აცოცხლებს, ამბებს, რომლებიც ამ ნივთებს მიღმა იმალება და რაღაც მომენტში შეიძლება იფიქროთ, რომ თავად დადიანთან ხართ სტუმრად და ეს-ესაა რომელიმე ოთახიდან მასპინძელი მხიარული ღიმილით გამოვა.
გააზიარეთ