ქუთაისი

8 წერტილი

საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი - ქუთაისი გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოს წარმოადგენს, რადგან დავით აღმაშენებლის მოღვაწეობა მის სახელთან არის დაკავშირებული. ეტიმოლოგიურად ქუთაისი სამი სიტყვისგან შედგება - „ქვა“, „მთა“, „ისი“ (ქვიან მთაზე ქალაქი), რაც მის გამორჩეულ და საინტერესო რელიეფზე მიანიშნებს. აია - კოლხეთის დედაქალაქი, ელინისტური ხანის ბერძნულ თხზულებებში იხსენიება, მათ შორის უმთავრესია აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკა“ (ძვ. წ. მე-3 ს.) - ოქროს საწმისის მოსაპოვებლად ბერძენთა ლაშქრობის შესახებ დაწერილი პოემა.
შუა საუკუნეებში (978 წელს) ბაგრატ მესამემ ახლად გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქი ქუთაისში გადაიტანა. სატახტო ქალაქის ტიტულს ქუთაისი 1122 წლამდე ინარჩუნებდა. 

1106 წელს დავით აღმაშენებელმა დააარსა სასულიერო სასწავლებელი, რომელიც გელათის აკადემიის სახელით არის ცნობილი. ქართული ხუროთმოძღვრების სამი მნიშვნელოვანი ძეგლია ბაგრატი, გელათი და მოწამეთა. 

ქალაქის კულტურული გეოგრაფია მრავალფეროვანია. მისი მთავარი ხიბლი სწორედ ძველი და ახალი კულტურის სინთეზშია. 1920-იან წლებში ქუთაისი ავანგარდული აზროვნების ცენტრს წარმოადგენდა. ამას მოწმობს 1916 წელს ქართველი პოეტებისა და პროზაიკოსების მიერ დაარსებული შემოქმედებითი გაერთიანება „ცისფერი ყანწები“. ქუთაისს პოეზიის ქალაქად მოიხსენიებენ. ქალაქი ტრადიციულიცაა და ამავდროულად რევოლუციურიც - თავისი ნოვატორობით. 

აქ დაიბადნენ ზაქარია ფალიაშვილი და ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებელი მელიტონ ბალანჩივაძე, რომლებმაც მე-18 საუკუნის მიწურულს საკომპოზიტორო მუსიკის ახალი პლატფორმა შექმნეს. 

ქუთაისს მრავალეთნიკური ისტორია აქვს. ამას მოწმობს ქუთაისელი ებრაელების უბანი, რომელიც ქალაქის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ამჟამად ქალაქში სამი სინაგოგაა. ქუთაისი გადაკვეთების ქალაქია, შერწყმის და სინთეზის, რომელიც მუდამ განახლებისკენ ისწრაფვის. 
Read More