ზუგდიდი

4 წერტილი

ქართული ცივილიზაციის აკვანი - სამეგრელო. ის კოლხი მედეას მშობელი მხარე და შესაბამისად მედიცინის სამშობლოა. ამჟამად მისი ადმინისტრაციული და კულტურული ცენტრია ზუგდიდი. მას დიდი, მრავალწლიანი და მნიშვნელოვანი ისტორია აქვს. ასე რომ, მისი ამბავი ასეც შეგვეძლო მოგვეყოლა: ერთხელ, დიდი ხნის წინათ, როდესაც ჩვენი ცივილიზაცია იბადებოდა, გაჩნდა პატარა დასახლება, რომელიც თანდათან გაიზარდა, განვითარდა და გვიანი შუასაუკუნეებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა - გახდა ოდიშის სამთავროს პოლიტიკური და კულტურული ცენტრი. ამ დროიდან მოყოლებული მრავალი ქარტეხილი გამოიარა და ყველა სხვა ღირსშესანიშნავ ამბავთან ერთად, მწიგნობრობის მნიშვნელოვან ცენტრადაც იქცა.
ზუგდიდი ნებისმიერ მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. მეგრელები ეზოებისა და გარემოზე ზრუნვის ეტალონები არიან საქართველოში. მოვლილი გაზონები, ეზოები, დაბალი სახლები, რომლებიც იდეალურად ერწყმის ლანდშაფტს, პირველივე კონტაქტისას გიპყრობთ და გატყვევებთ. 

ზუგდიდის მთავარი ღირსშესანიშნაობა ყველაზე გავლენიანი ქართველი მთავრების, დადიანების სასახლე და მასში განთავსებული მუზეუმია უამრავი საინტერესო და განსაკუთრებული ექსპონატით. ასევე ბოტანიკური ბაღი, რომელიც უნიკალურია მცენარეთა მრავალფეროვნებით. აქ შევხდებით როგორც ქართულ ენდემურ სახეობებს, ისე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილ მცენარეებს, რაც მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და ბუნებით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის მიმზიდველ ადგილად აქცევს. 

ღირსშესანიშნაობებთან, საოცარ ლანდშაფტთან და არქიტექტურასთან ერთად, ზუგდიდი საშუალებას გაძლევთ გასინჯოთ საოცარი, გემოთა მრავალფეროვნებით გამორჩეული მეგრული კერძები, გამოსცადოთ მეგრელების განთქმული სტუმართმოყვარეობა და შეიგრძნოთ ქართული კულტურის ღრმა კავშირი ევროპულ ცივილიზაციასთან. 

მეგრული სამზარეულო მრავალი ნიშნითაა გამორჩეული, თუმცა პირველი, რაც ამ სამზარეულოზე გვახსენდება, ალბათ ღომი და ხარჩოა. აუცილებლად უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა საცივზეც, მეგრული და ზოგადად ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ მთავარ მშვენებაზე. ტრადიციულად საცივი ინდაურის ხორცით მზადდება და საქართველოში საახალწლო სუფრის მთავარ კერძად ითვლება. სადავო ნამდვილად არაა, რომ საუკეთესო საცივი სამეგრელოში უნდა გასინჯოთ. დაბოლოს, აჯიკა, ცხარე საკმაზი, რომელიც ყველაფერს უხდება. მისი რამდენიმე ვერსია არსებობს, თუმცა ყველაზე გავრცელებული მშრალი აჯიკაა. ის წითელი წიწაკის, მწვანილებისა და სანელებლების საოცარ ნაზავს წარმოადგენს. 

ასე რომ, ზუგდიდში სტუმრობა არ არის უბრალოდ პატარა, უმშვენიერესი და საინტერესო ადგილებით გამორჩეული ქალაქის მონახულება, ეს დიდი კულინარიული თავგადასავალიცაა, რომლითაც სრულიად სამართლიანად ამაყობენ ზუგდიდელები. 
Read More