ალი და ნინო ყურბან საიდის ამავე სახელწოდების რომანის პერსონაჟები არიან. წიგნი აცოცხლებს მე-20 საუკუნის დასაწყისში განვითარებულ მოვლენებს, როდესაც ძველი სამყაროს წესრიგი ინგრევა, ქარტეხილებს, რომლებიც ქართველ ნინოს და აზერბაიჯანელ ალის სიყვარულსა და ცხოვრებას დაატყდება თავს. ალი და ნინო ამ ორი მოძმე ერის სიყვარულისა და ძლიერი კავშირის სიმბოლოდ იქცნენ. 8 მეტრის სიმაღლის ქალისა და კაცის მოძრავი ქანდაკება ცნობილი ქართველი მხატვრისა და მოქანდაკის, თამარ კვესიტაძის საავტორო ნამუშევარია. იგი 2010 წელს შეიქმნა, სწორედ ალისა და ნინოს სახელს ატარებს და სიყვარულთან ერთად, ევროპისა და აზიის გადაკვეთის, დაკავშირების და შეერთების სიმბოლოდაც იქცა. იგი არაერთი გამოკითხვით მსოფლიოს საუკეთესო სკულპტურათა შორის დასახელდა. და მართლაც, შეუძლებელია გულგრილი დარჩეთ, როდესაც დაინახავთ, როგორ მოძრაობს ერთმანეთისკენ ორი გიგანტური ფიგურა, როგორ გაივლიან ერთმანეთში, შორდებიან და კვლავ შეერთებისკენ ილტვიან. ეს ნებისმიერი მნახველისთვის შთამბეჭდავი სანახაობაა.
გააზიარეთ