სამეფო რეზიდენციის კომპლექსი გარშემორტყმულია თითქმის დაუზიანებლად შემორჩენილი გალავნით, რომელიც მე-17 საუკუნეში კახეთის მეფეს, არჩილ II-ს აუგია. მოგვიანებით, მე-18 საუკუნეში აქ ერეკლე მეორემ საკუთარი სასახლე ააგო, რომელიც ისპაჰანში ირანის შაჰის სასახლის მცირე ასლს წარმოადგენს და დღემდე დგას. მანვე ააშენა აქ სასულიერო სემინარია, რის წყალობითაც თელავი განათლების მნიშვნელოვანი კერა გახდა. დღეს აქ საქართველოში ყველაზე ძველი მოქმედი სკოლა ფუნქციონირებს, რომელიც არსებობის 250 წელზე მეტს ითვლის. მე-19 საუკუნეში, რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სრულად დაპყრობის შემდეგ, გალავანში აშენდა კიდევ ერთი შენობა, რომელშიც სხვადასხვა დროს განთავსებული იყო გიმნაზია, სკოლა და ბოლოს ეთნოგრაფიული მუზეუმი. მოგვიანებით კი კიდევ ერთი შენობა აშენდა - თელავის სამხატვრო გალერეა, სადაც ნახავდით ქეთევან იაშვილის მიერ ქალაქისათვის გადაცემული ნახატების საკმაოდ მდიდარ კოლექციას. სულ რამდენიმე წლის წინ, თელავის რეაბილიტაციისას, ორივე შენობა დაანგრიეს და ამ ადგილას შეიქმნა თანამედროვე სტანდარტების თელავის ისტორიული მუზეუმი და გალერეა.
გააზიარეთ