მოედანზევე დგას თელავის თეატრი, რომელსაც ამ ქალაქისთვის ყოველთვის ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა. სხვადასხვა დროს მის სცენაზე არაერთი ლეგენდარული მსახიობი მდგარა, თეატრალურ წრეებში კი დღემდე აღნიშნავენ თელაველი მაყურებლის გამორჩეულობას. მათ შეუძლიათ მთელი გულით შეგიყვარონ, თუმცა ჩავარდნებს ვერაფრით გამოაპარებთ. ამის მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ თელავში ჯერ კიდევ ერეკლეს კარზე არსებობდა თეატრალური დასი, რომელიც კრწანისის საბედისწერო ბრძოლაშიც თან წაჰყოლია მეფეს. უფრო შორს თუ წავალთ, ხალხური სანახაობის ისეთ ფორმებსაც შეიძლება მივადგეთ, როგორიც ბერიკაობა იყო. მას ხშირად ყეენობასაც უწოდებდნენ, იმართებოდა ყოველ წელს და მასში მთელი ქალაქი მონაწილეობდა. ეს ტრადიცია რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს დაპყრობის შემდეგ თანდათან გაქრა, თუმცა თეატრალური წარმოდგენებისადმი დამოკიდებულება, პროფესიული თეატრალური დასების გაჩენასთან ერთად კიდევ უფრო გაღვივდა და შესაბამისად, თელავის თეატრი დღემდე ამ ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სიამაყეა.
გააზიარეთ