900 წლის ჭადარი ქალაქის ცენტრში, მეფის რეზიდენციის მოპირდაპირედ დგას და ალაზნის ველს გადაჰყურებს. ამ ხის შესახებ არაერთ ლეგენდას მოისმენთ, მათ შორის გეტყვიან, რომ ის თვით თამარ მეფეს დაურგავს. დანამდვილებით ამის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება, თუმცა ცნობილია, რომ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ქალაქის პატივსაცემ სტუმრებს სწორედ მის ჩრდილში მასპინძლობდნენ. სწორედ აქ უმასპინძლა ქალაქმა მე-19 საუკუნის გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს - ილია ჭავჭავაძეს და ყველაზე პოპულარულ პოეტს - აკაკი წერეთელს. ზოგს სჯერა, რომ თუ ხესთან სურვილს ჩაიფიქრებ, აუცილებლად აგისრულდება. შეიძლება ბევრი რამისა არ დაიჯერო, მაგრამ ერთი რამ ცხადია: 900 წლის ჭადარი შესანიშნავი შთაგონებაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც მას ეწვევა.
გააზიარეთ