ქართული მეღვინეობის უმთავრესი რეგიონია კახეთი. საქართველოში რეგისტრირებული 18 ადგილობრივი წარმოების ღვინიდან 14-ს კახეთში აყენებენ. ესენია: „წინანდალი“, „გურჯაანი“, „ვაზისუბანი“, „მანავი“, „კარდენახი“, „ტიბაანი“, „კახეთი“, „კოტეხი“, „ნაფარეული“,„მუკუზანი“, „თელიანი“, „ქინძმარაული“, „ახაშენი“, „ყვარელი“. კახეთის ადგილობრივ და კულტივირებულ ჯიშებს შორის აღსანიშნავია: „რქაწითელი“, „საფერავი“, „მწვანე კახური“, „ქისი“, „ხიხვი“, „ბუდეშური წითელი“, „კახური მცვივანი“, „საფენა“, „კუმსი ყვითელი“, „კაბერნე სოვინიონი“ (ფრანგული ჯიში), „თავკვერი“, „იყალთოს წითელი“ და სხვა. კახეთში მოყვანილი ყურძნისგან როგორც ევროპული, ასევე კახური ტრადიციული წესით დაყენებული მაღალი ხარისხის ღვინოები მზადდება.
ტრადიციული კახური ღვინის ტექნოლოგიას ანალოგი არ მოეპოვება მსოფლიოში. იგი გულისხმობს საწნახელში ყურძნის დაწურვასა და წვენის ჩასხმას ქვევრში. გამოწურვის შემდეგ ჭაჭისა და კლერტის სრულ რაოდენობას ამატებენ ქვევრში ჩასხმულ ყურძნის წვენს. ალკოჰოლური დუღილის დასრულებისას ჭაჭა იწყებს დაძირვას და ქვევრებს ჩვეულებრივად ხურავენ, ვაშლრძემჟავური დუღილის მერე კი უკვე ჰერმეტულად. მარტში ღვინოს პირველად გადაიღებენ. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ღვინოს სისტემატურად აკონტროლებენ.
გარდა ტრადიციული კახური ღვინისა, კახეთში გავრცელებული ვაზის ჯიშების ყურძნისგან აყენებენ ძალიან კარგ ევროპული სტილის ღვინოებს.