თელავი გამორჩეულია თავისი ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე გარემოთი. მას სამი მხრიდან ტყე აკრავს და მთლიანად მწვანეშია ჩაფლული. ქალაქის ცენტრში, მოედნის ორივე მხარეს სკვერებია, რომლებსაც ძველ და ახალ ბაღსაც ეძახიან. ძველი ბაღი სამეფო რეზიდენციის სამხრეთ კედელს მთელ სიგრძეზე მიუყვება, ახალი კი მის მოპირდაპირედ, თეატრის გვერდითაა გაშენებული და მართალია, ორივე თელაველების საყვარელი დასასვენებელი ადგილია, მაგრამ ქალაქის მთავარი პარკი მაინც ნადიკვარია. ის პატარა გორაკზეა გაშენებული და იქედან ალაზნის ველისა და კავკასიონის ბრწყინვალე ხედები იშლება. ნადიკვარზე შეხვდებით თელავისთვის დამახასიათებელი ჩუქურთმებით გაწყობილ ხის ღია ფანჩატურებს, რომლებიც განსაკუთრებულ ხასიათს სძენს ამ პარკს. აქვე იდგა სრულიად განსაკუთრებული, საოცარი ხელოვნებით შესრულებული ხის საზაფხულო თეატრი, რომელიც 90-იან წლებში ხანძარს ემსხვერპლა და დღემდე მწარედ ახსოვს ეს ფაქტი ქალაქს. ნადიკვრის მნიშვნელოვანი ნაწილი კი ღია ტერასებითა და წვეტიანი სახურავით გამორჩეული კაფე იყო, სადაც უგემრიელეს საჭმელს ამზადებდნენ. კაფე 90-იან წლებში თითქმის მთლიანად განადგურდა. რეაბილიტაციის შემდეგ სკვერი სახეცვლილი ფორმითა და შედარებით თანამედროვე პროექტის მიხედვით აღადგინეს. ბავშვებისთვის განახლდა და დაიდგა ახალი ატრაქციონები, აღდგა კაფეც უფრო დიდი ვერანდითა და ტერასით, ხოლო საზაფხულო თეატრის ადგილას კი ამფითეატრი მოეწყო. ნადიკვარზე გატარებული საღამოები მისი უნიკალური მდებარეობის, ხედებისა და საერთო განწყობის გამო ნებისმიერი ადამიანისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცევა.
გააზიარეთ