საქართველოს დედაქალაქი თბილისი მსოფლიოს უძველესი ქალაქების რიცხვს მიეკუთვნება. იგი ვახტანგ გორგასალმა მე-5 საუკუნეში დააარსა. ლეგენდის მიხედვით, მეფის მიმინო ნადირობისას თავს დასცხრომია ხოხობს, ფრინველები ცხელ წყაროში ჩაცვენილან. წყლის სამკურნალო თვისებების გამო მეფეს ტყით დაფარული ტერიტორია გაუკაფავს და... ასე დაარსდა თბილისი. სახელწოდება თბილისი - თბილი (ძველქართულად „ტფილი“) მინერალური წყაროების გამო უწოდეს, შემდგომ ამ ადგილზე გოგირდის აბანოები აშენდა, აღნიშნულ ისტორიულ უბანს აბანოთუბანი ეწოდება.
თბილისი თავისი კულტურული რელიეფით მდიდარი და მრავალფეროვანია, იგი დასავლურ და აღმოსავლურ კულტურათა შერწყმის საუკეთესო მაგალითია. აქ ყველა ქუჩა თავის ამბავს ჰყვება, შენობები უამრავ ისტორიას ინახავენ, ქალაქის კულტურას და ტრადიციებს ყველაზე უკეთ ძველ უბნებში ხეტიალისას გაეცნობით. მე-19 საუკუნის დასაწყისში თბილისი ქართველი რომანტიკოსების ქალაქი იყო. ქალაქი ეთნიკურად მდიდარი და თვალსაჩინოა, სწორედ ამიტომ იქცა ის რეგიონში ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ ცენტრად. მრავალეთნიკურობამ გავლენა მოახდინა არქიტექტურაზეც, რის გამოც თბილისური არქიტექტურა ეკლექტურად მდიდარია.
ცნობილი ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა თბილისის შესახებ წერდა: „მე თითქმის ყველაფერი ვნახე თბილისში - ქართულ სამოთხეში და მთელი ცხოვრების მანძილზე ისე ნაყოფიერად არსად მიმუშავია, როგორც თბილისში“. ქალაქის ძირითადი ღირსშესანიშნაობები ძველ თბილისშია თავმოყრილი. ეს უბანი გამოირჩევა აბანოთუბნით, შარდენის ქუჩითა და მისი მიმდებარე რკინისა და ბამბის რიგებით, სწორედ ძველ თბილისშია განლაგებული პოპულარული რესტორნების, ღია კაფე-ბარების და გალერეების დიდი ნაწილი. თბილისი ღამის კლუბებითაც გამორჩეული ქალაქია. ამ ქალაქში ქართულთან ერთად მსოფლიოს ნებისმიერი სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ.