წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

კოსმეტიკური რეცეპტები ლიმონის გამოყენებით

ბლოგი:
ნოემბერი 22, 2014
ავტორი Anika
შემოდგომა-ზამთრის ცივ დღეებს ეს ციტრუსი განსაკუთრებით უხდება. წვიმიან, სუსხიან ამინდში (დღეს ზუსტად ასეთი ამინდია), როცა ფანჯრიდან გახედვისას მელანქოლიის გარდა რომელიმე სხვა ემოციის დაუფლება რთულად წარმოსადგენი რამაა, გამთბარი სახლი, საყვარელ სავარძელში მოკალათებულ-მოკუნტული, გემრიელად საკითხავი წიგნით, ცხელი ჩაი და არომატული ლიმონის თხელი ნაჭერი (ცოტა ნატურალურ თაფლსაც თუ მიაყოლებთ, ხომ საერთოდ!) - იფფ, კარგად ჟღერს. თუმცა, ფინჯანი ცხელი ჩაის გარდა, ამ ჩვენს ღრმად პატივსაცემ ლიმონს ბევრი სხვა , მათ შორის, კოსმეტიკური დანიშნულებაც გააჩნია. ცნობილი კოსმეტიკური ბრენდები თუ როგორ იყენებენ ამ B, P, A და E ვიტამინებით, ორგანული მჟავებით, კალცით, კალიუმით, მაგნიუმით, რკინით, თუთიით, ფტორით და კიდევ სხვა ელემენტებით მდიდარ პროდუქტს, მათ ლაბორატორიებს და მეცნიერებს მივანდოთ, ჩვენ კი სახლის პირობებში, დამოუკიდებლად დამზადებულ ეფექტურ რეცეპტებზე ვისაუბროთ.

თუ სისტემატურად გავიკეთებთ ლიმონზე დამზადებულ სახის ნიღაბს, ამით მასში შემავალი  C ვიტამინით კოლაგენის და ელასტინის გამომუშავებას შევუწყობთ ხელს. ეს კი კანის ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში დაგვეხმარება, ფოლიუმის მჟავა  A ვიტამინთან ერთად ანთებით პროცესებს ჩააცხრობს, K ვიტამინი - კანის პიგმენტური ლაქების გაქრობას შეუწყობს ხელს, კალიუმი კი თავის მხრივ, კანის დატენიანებას უზრუნველყოფს.

1412013455_1391588368_1

კანის ფერის გასაღიავებლად ან პიგმენტური ლაქების გასაქრობად იდეალურია ლიმონის რბილობით და არაჟნით მომზადებული სახის ნიღაბი, ხოლო კანზე არსებული ანთებითი პროცესების ჩასაცხრობად რეკომენდირებულია ლიმონის წვენის და მჟავე რძის პროდუქტების კომბინაციით მომზადებული ნიღაბი.

თუ ნიღბის დამზადების დრო არ გაქვთ, მაშინ მარტივად და სწრაფად შეგიძლიათ აიღოთ ერთი ნაჭერი ლიმონი და გადაისვათ დაბანილ/გასუფთავებულ კანზე. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ სახლიდან გასვლამდე ასეთი პროცედურის ჩატარება არ ღირს - ძილის წინა პერიოდი იდეალური დროა.

კანისთვის ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად და მისი ტონიზირებისთვის შეგიძლიათ კიდევ ერთი საინტერესო ხერხი გამოიყენოთ: ლიმონის წვენს ყინულის კუბების სახით შეყინავთ და ყოველდღიურად სახეზე წრიული მოძრაობებით გადაისვამთ.

გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენ ციტრუსებზე ალერგია გაქვთ, ან კანზე ნაკაწრი და რაიმე სახის ჭრილობა, მაშინ ლიმონით დამზადებული ნიღბებისგან თავის შეკავება აჯობებს.

ლიმონის ყიდვისას, ყურადღება მიაქციეთ მის სიმკვრივეს: თუ ლიმონი რბილია, მაშინ სავარაუდოდ, ის გადამწიფებულია, ამიტომაც, სჯობს მაგარი ლიმონი შეარჩიოთ და მაცივრის პირობებში შეინახოთ - ლიმონი თავის თვისებებს 2 თვემდე ინარჩუნებს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა



მსგავსი ბლოგები