წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

პედიატრების #რჩევებიმშობლებს - თემურ მიქელაძე

ბლოგი:
დეკემბერი 23, 2021
ავტორი ბაკურიანი

• ბავშვთა კვების ოქროს სტანდარტია დედის რძე, რომელიც  ბავშვის წყლის, მიკრო და მაკრონუტრიენტების მოთხოვნილებებს სრულად აკმაყოფილებს. ექსკლუზიური ძუძუთი კვება (მხოლოდ დედის რძეზე) უნდა გაგრძელდეს 6 თვემდე, შემდგომ პერიოდში დამატებით საკვებთან ერთად შესაძლოა - 2 წლამდე. ბავშვის ჯანმრთელობისთვის ყველაზე კარგი ინვესტიცია დედის რძით კვებაა.

• ბავშვისთვის წყლის მიღება აუცილებელია 6 თვიდან, მისი სადღეღამისო მოთხოვნილების გათვალისწინებით. ხელოვნური კვების შემთხვევაში, ბავშვი წყალს იღებს 0 დღის ასაკიდან როგორც ხელოვნურ ნარევში, ასევე დასალევად.

• ბავშვისთვის აუცილებელია დედასთან ახლოს ყოფნა - შეხება „კანით კანთან“,  „თვალი თვალში“ კონტაქტი და სხვა.

• დამატებითი კვების დაწყების ვადაზე, რაციონსა და მოცულობაზე გადაწყვეტილებას იღებს პედიატრი ინდივიდუალურად, ბავშვის ასაკისა და ზოგ შემთხვევაში ლაბორატორიული მაჩვენებლების გათვალისწინებით.

• ჯანმრთელი ბავშვი წლის განმავლობაში სოციალური აქტივობის მატებასთან ერთად, 6-ჯერ ან მეტჯერ ავადობს. არ არსებობს მტკიცებულება ბიოლოგიურად აქტიური რაიმე დანამატების, ან ე.წ. იმუნომოდულატორების დამატების შესახებ.

• ცხელება ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა. იმ შემთხვევაში, თუ დაავადების გამომწვევი მიზეზი ცნობილია, ბავშვის ჰიდრატაციული სტატუსი ადეკვატურია, იტანს ცხელებას და ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შესაძლოა არ მივცეთ სიცხის დამწევი საშუალებები. ფიზიკური მეთოდებით გაგრილება არ არის რეკომენდებული (ძმრიანი წინდები, წყალში განზავებული სპირტი ან ძმარი და ა.შ).

• ხველა ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა, ჯანმრთელი ადამიანი დღე-ღამის განმავლობაში ახველებს და აცემინებს 3-38-ჯერ. ადრეული ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული ამოსახველებელი საშუალებები. ნახველის რეოლოგიური  თვისებების (სიბლანტე, ელასტიკურობა, ადჰეზიურობა) გასაუმჯობესებლად, აუცილებელია წყლის ადეკვატური რაოდენობით მიღება. წყლის სადღეღამისო მოთხოვნილება შეიძლება გაიზარდოს 1/3-ით გარემოს მაღალი ტემპერატურის გათვალისწინებით.

• პათოლოგიური მდგომარეობების თავიდან ასაცილებლად, ინფექციების მიმართ მყარი იმუნიტეტის გამომუშავებისთვის, სავალდებულოა, ბავშვებს გეგმიური პროფილაქტიკური ვაქცინაცია დროულად ჩაუტარდეთ.

• ბავშვებში გავრცელებულია ვირუსული, ბაქტერიული, პარაზიტული ნაწლავთა ინფექციები, იშვიათად იმუნოკომპრომეტირებულ პირებში - სოკოვანი. ცალკე უნდა გამოვყოთ კვებითი ტოქსიკოინფექციები. ნაწლავთა ინფექციების სწორი მართვისთვის მთავარია ბავშვის რეჰიდრატაციული სტატუსის შეფასება. ბავშვის გაუწყლოვანების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია წყლის დღიურ რაოდენობაზე დაახლოებით 1/3-ით მეტი და ზოგ შემთხვევაში გაორმაგებული ოდენობითაც მიღება. ეს დამოკიდებულია, როგორ და რა რაოდენობით კარგავს სითხეს და რით გამოყოფს მას. წყურვილის გაძლიერებისთვის ბავშვს შეგვიძლია შევთავაზოთ მარილიანი საკვები, ან მარილიანი ჩხირები. ჩვენი წყლები გაჯერებულია მიკრო და მაკრონუტრიენტებით, ნატრიუმით და კალიუმით და თუ ჩვენ სწორად და სადღეღამისო მოთხოვნილებით შევთავაზებთ პატარებს წყალს, თავიდან ავიცილებთ გამოშრობას, ე.წ. დეჰიდრატაციას.

• ჯანმრთელობა ეს არის ფიზიკური და სულიერი კეთილდღეობა, რისთვისაც აუცილებელია დღის სწორად დაგეგმვა, რაც მოიცავს სწორ კვებას და ფიზიკურ აქტივობას. თუ ბავშვებს შევთავაზებთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, მათ თავიდან ავაცილებთ სხვადასხვა ქრონიკულ პათოლოგიას, ქრონიკულ დაავადებებს ან ე.წ. ცივილიზაციის დაავადებებს, როგორიც არის სიმსუქნე, მეტაბოლური სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი და სხვა. ჩვენი, მშობლების მთავარი მოვალეობა უნდა იყოს, ბავშვები ხშირად გავიყვანოთ რეკრეაციულ სივრცეებში და შევთავაზოთ დღის სწორი რაციონი, რაც გულისხმობს მიკრო-მაკრონუტრიენტების და წყლის ადეკვატური რაოდენობით მიღებას.

მსგავსი ბლოგები