• სწორი, ადეკვატური კვება ბავშვის ჯანმრთელობის, გონებრივი და ფიზიკური განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. საკვები ინგრედიენტების, მათ შორის სხვადასხვა მაკრო და მიკროელემენტის, ვიტამინების დეფიციტი ხშირად ჯანმრთელობის, განვითარების და ქცევის დარღვევების მიზეზი ხდება.
• ახალშობილისა და ჩვილისთვის იდეალური და პრაქტიკულად შეუცვლელი საკვები დედის რძეა. დედის რძე სრულფასოვანი საკვებია, მასში
საუკეთესო თანაფარდობით არის წარმოდგენილი ბავშვის ოპტიმალური ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ყველა სასიცოცხლო ნივთიერება: წყალი, ცილა, ნახშირწყლები, ცხიმი, ვიტამინები და მინერალები.
• კვების დროს ბავშვი იღებს სითბოსა და სიყვარულს და კვებასთან ერთად დედასთან ურთიერთობის მოთხოვნილებასაც იკმაყოფილებს. ჩვილი უნდა იკვებებოდეს მოთხოვნილების მიხედვით, დღე-ღამეში 8-12-ჯერ.
• 6 თვის ასაკის შემდეგ, აუცილებელია ბავშვის კვების რაციონში რძესთან ერთად დამატებითი რბილი კონსისტენციის საკვების შეტანა, როგორიცაა მარცვლეულის ფაფა, ბოსტნეულის, თუ ხილის პიურე და სხვა. 6 თვის ასაკიდან მნიშვნელოვანია საკვებთან ერთად წყლის დამატებაც.
• ორგანიზმის არცერთ უჯრედს არ შეუძლია ფუნქციონირება წყლის გარეშე, მასზეა დამოკიდებული ჟანგბადის და საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირება, სხეულის ტემპერატურის რეგულაცია, სხვადასხვა მეტაბოლური პროცესის განხორციელება, საჭმლის მონელება, მავნე ნივთიერებების გამოყოფა და სხვა. ნებისმიერი სითხე, ასევე მრავალი საკვები შეიცავს წყალს, მაგრამ ჩვილებისა და ბავშვებისთვის წყალი და რძე საუკეთესო არჩევანია.
• წყლის შერჩევისას გასათვალისწინებელია, რომ იგი იყოს უსაფრთხო, თავისუფალი დაბინძურებისაგან. მნიშვნელოვანია მცირე ასაკში მივაწოდოთ სპეციალურად ბავშვისთვის შემუშავებული უსაფრთხო, მინერალების შემცველი წყალი.
• კვებეთ ბავშვი საერთო მაგიდაზე ოჯახთან ერთად, არ დატოვოთ უმეთვალყურეოდ კვების დროს. წაახალისეთ დამოუკიდებლად კვების ჩვევა. შესთავაზეთ რამდენიმე განსხვავებული ჯანსაღი საკვები, რომ ბავშვმა არჩევანი თავად გააკეთოს. არასდროს დააძალოთ საკვები, არ გადააქციოთ კვება “ბრძოლის ველად”, არ დასაჯოთ და არ მისცეთ შენიშვნა სხვების თანდასწრებით, ეცადეთ ხშირად შეაქოთ.
• ყოველთვის ეცადეთ, რომ საკვების მიღების დროს ბავშვი მაგიდასთან იჯდეს. არ დაუშვათ კვება თამაშის და სირბილის დროს. არ არის მიზანშეწონილი კვების დროს ტელევიზორის და კომპიუტერის გამოყენება, წიგნის კითხვა.
• გახსოვდეთ, რომ თუ ბავშვი საერთოდ არ იღებს სითხეს, ან ძუძუთი კვების შემთხვევაში საერთოდ არ იღებს საკვებს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
• ძვირფასო მშობლებო, გახსოვდეთ, რომ ადამიანის ჯანმრთელობის საწინდარს, პირველ რიგში ჯანსაღი ცხოვრების წესი წარმოადგენს. ასწავლეთ და მიაჩვიეთ პატარას სწორი კვება, წყლის მიღება, კვების რეჟიმი, ჰიგიენის დაცვა, ფიზიკური აქტივობა, შეუმცირეთ ეკრანთან გატარებული დრო. ასე თქვენ, დაბადებიდანვე ხელს შეუწყობთ მის ჯანმრთელობას და დაიცავთ მას არასწორ კვებასთან დაკავშირებული უამრავი დაავადების განვითარებისგან.