წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

როგორ ჩავრთოთ გოგრა ოჯახის საკვებ რაციონში

ბლოგი:
ნოემბერი 11, 2016
ავტორი Anika
ჩემს ოჯახში გოგრა შემოდგომის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ სამწუხაროდ მისი მარტივად, მოხარშული სახით მირთმევა ჩემს შვილებს ნაკლებად უყვართ, ამიტომაც ერთადერთ გამოსავალი ამ მდგომარეობაში ბავშვებისთვის შედარებით მისაღები, დესერტის მაგვარი რამის მოფიქრებაა, რომლის მთავარი ინგრედიენტიც გოგრა იქნება - ძალიან დასანანი იქნება ისეთი პროდუქტის გამოტოვება, რომელიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით, C და A ვიტამინებით და ცილებით. ინტერნეტში საკმაოდ  ბევრი საინტერესო რჩევაა გოგრის ბავშვების გემოვნების მიხედვით "გასაკეთილშობილებლად", რაც მცირეწლოვანების გარდა, დიდებისთვისაც არანაკლებ სასიამოვნო და სასარგებლო იქნება, მათგან რამდენიმე ყველაზე გამორჩეულს დღევანდელ პოსტში გაგიზიარებთ.

- გოგრის მაჭკატები საუზმედ ან თუნდაც საღამოს სასუნავოდ, რომელიც გოგრის პიურეს მეშვეობით მზადდება და მას სასიამოვნო არომატისთვის დარიჩინი ემატება. მოსამზადებლად 350 მლ. რძე, 250 გრ გოგრის პიურე, 1 კვერცხი, 30 მლ. მცენარეული ზეთი, 30 მლ. ძმარი, 250 გრ. პურის ფქვილი, 40 გრამი ყავისფერი შაქარი, მწიკვი დარიჩინი და მარილი დაგჭირდებათ - ამ პროპორციებით საშუალოდ 6 ულუფა მაჭკატს მიიღებთ, თითო ულუფაზე კი საშუალოდ 270 კილოკალორია მოდის.

- ორთქლზე მომზადებული გოგრის პიურეს - ერთი ჭიქა -  დავამატოთ ერთი ჭიქა მაწონი, ცოტა ვანილი სასიამოვნო არომატისთვის. შეგვიძლია ცოტა თაფლი, მიუსლის ფანტელები, ქიშმიში, ნუში დავამატოთ - ეს ყველაფერი გემოვნების გათვალისწინებით.

- გამომშრალი და დაბრაწული გოგრის მარცვლები ჩვენს სახლში ყველაზე პოპულარულია. მარცვლებს მარტივად გაასუფთავებთ ნარჩენებისგან, დაყრით განიერ თასზე, გააშრობთ ღამის განმავლობაში და მეორე დღეს დაბრაწავთ ტაფაზე. მცირე რაოდენობით იოდიზირებული მარილი კიდევ უფრო სასიამოვნო საკნატუნოს გახდის.

kids-holding-pumpkins

- გოგრის გუნდები - ეს ჯერ არ გამომიცდია, მაგრამ აუცილებლად უნდა მოვსინჯო. ერთი ჭიქა წვრილად დაფანტელებულ შვრიას დავამატებთ 3 სუფრის კოვზ გოგრის პიურეს, 50 გრამ ყავისფერ შაქარს და 50 გრამ ქიშმიშს. დავყოფთ რამდენიმე ნაწილად და პატარ-პატარა გუნდების ფორმას მივცემთ, ამოვავლებთ შაქრის პუდრაში (ძალიან მცირე ოდენობით) და მზადაა.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა







მსგავსი ბლოგები