წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა შემოდგომაზე

ბლოგი:
სექტემბერი 15, 2018
ავტორი Anika
შემოდგომა ჩემი საყვარელი სეზონია, გაზაფხულის შემდეგ. მიყვარს სიგრილე, სუსხი, გადაჭრელებული ხეები, გოგრებით გაფერადებული ხილ-ბოსტნეულის დახლები - მგონი, ყველაფერი მიყვარს და მომწონს, რაც შემოდგომასთან ასოცირდება, ვირუსების და გრიპების გარდა. ამიტომაც, ვცდილობ ხოლმე, გარდამავალ სეზონზე მაქსიმალურად მობილიზებული ვიყო და კვებით თუ სხვადასხვა მარტივი გადაწყვეტებით, შეძლებისდაგვარად გავიფერადო ეს პერიოდი. დღევანდელ პოსტში სწორედ რამდენიმე მარტივი რჩევა მინდა გაგიზიაროთ, რომელიც შემოდგომის გამრავალფეროვნებაში და პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაში მეხმარება ხოლმე.

1. შაბათ-კვირის პერიოდს სახლის საშემოდგომოდ გადაწყობისთვის ვიყენებ: გამომაქვს თბილი და კომფორტული  ბალიშები, გადასაფარებლები, ისე რომ საძინებელში დასვენება თუ მისაღებ ოთახში ტახტზე მოკალათება, ნებისმიერ შემთხვევაში კომფორტული იყოს უფროსებისთვისაც და ბავშვებისთვისაც.

2. ქარი და სუსხი, ჩემ მსგავსად, გარეთ სირბილის მოყვარულებისთვის, ხშირად უსიამოვნოა, ამიტომაც, ფიზიკურად აქტიური რომ ვიყო და ზედმეტად არ მოვდუნდე მზის სხივებთან ერთად, ამ დროს ვცდილობ ხოლმე სახლის პირობებში, დახურულ სივრცეში ვივარჯიშო: საღამოს იოგა ან მარტივი გაწელვები და შეძლებისდაგვარად დილის საათებში კარდიოვარჯიშები. გადახედეთ საკუთარ გრაფიკს და დააკვირდით შეგრძნებებს, დილის და საღამოს საათებში რისთვის უფრო მეტ მზაობას გრძნობთ და გსიამოვნებთ, აქტივობებიც შესაბამისად დაგეგმეთ. ვარჯიში არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს "სასჯელი", არამედ ეს უნდა იყოს თქვენი ორგანიზმისთვის მისაღები მოცემულობა.

50-Ways-to-Have-a-Healthier-Fall-25-760x506

3. შემოდგომის სეზონური ხილი და ბოსტნეული იდეალური დამხმარეა მათთვის, ვისაც სუსხიან პერიოდთან ფსიქოლოგიურად უჭირს შეგუება. უგემრიელესი გოგრები, ნაირნაირი ვაშლი, ბროწეული, ყურძენი, კარალიოკი - ათავსებთ ლამაზ ლანგარზე და დღის განმავლობაში მიირთმევთ.

4. გარდერობის გამოთავისუფლება იმ ნივთებისგან, რომელთაც უახლოეს 25-30 გრადუსამდე არ მოიხმართ, საკმაოდ პოზიტიური გასართობია: გითავისუფლდებათ სივრცე, სადაც უკვე თავისუფლად შეგიძლიათ საგულდაგულოდ გადანახული თბილი ტანსაცმელი მოათავსოთ და სიახლეებისთვისაც გამოიზოგოთ ადგილი.

5. და ტრადიციულად წყლით სავსე დიდი ჭიქა, რომელსაც საწოლის თავთან ვდებ ხოლმე: დილით, უზმოზე წყლის მიღება დღის საუკეთესო დასაწყისია. წყალი ორგანიზმის დატენიანებაში, ტოქსინების გამოდევნაში, სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებაში, კანის გაჯანსაღებაში და წონის რეგულირებაში გვეხმარება.

ბედნიერ შემოდგომას გისურვებთ!

ანიკა

მსგავსი ბლოგები