წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

5 პროდუქტი ჯანმრთელი სახის კანისთვის

ბლოგი:
აპრილი 17, 2012
ავტორი Anika
ვფიქრობ, ჩემი სწავლა-დარიგება არ გჭირდებათ იმასთან დაკავშირებით, რომ კანის ჯანსაღი მდგომარეობა და მისი თანმდევი ნათელი ფერი და მბზინვარება, მხოლოდ ძვირადღირებული სახის მოვლის საშუალებებით ვერ მიიღწევა. ამ საქმეში ძირითადი ენერგეტიკა რომ შიგნიდან, ორგანიზმიდან მოდის, ესეც გეცოდინებათ. “თუ თქვენი კანი მისთვის საჭირო ვიტამინებს და მინერალებს მიღებული საკვებიდან ვერ იღებს, ასეთ შემთხვევაში, სახის კანიც ვერ იქნება იდეალურ მდგომარეობაში”, ამბობს ამერიკელი ექიმ-დერმატოლოგი ლიზა დრეიერი.


პირველი და უმთავრესი რეკომენდაცია ექსპერტების მხრიდან არაერთხელ ნახსენები და კარგად ცნობილი “დღის-განმავლობაში-ბევრი-სითხის-მიღებაა”, რაც 24 საათის განმავლობაში 1.5-2.00 ლიტრი წყლის დალევას გულისხმობს.


წყლის გარდა, ექიმები კანის სიცოცხლისუნარიანობისთვის მნიშვნელოვან კონკრეტულ პროდუქტებზეც მიგვითითებენ და გვირჩევენ, საყიდლებზე წასვლისას, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს შემდეგი 5 პროდუქტი:



1. ნუში - ეს მარცვლები E ვიტამინის უმდიდრესი წყაროა, რომელიც, თავის მხრივ, მზის სხივების საუკეთესო “მომთვინიერებელია”. “E ვიტამინს ანტიოქსიდანტის მოქმედება გააჩნია და კანის უჯრედებს ულტრაიისფერი სხივების და გარემოს სხვა მავნე ფაქტორების ზემოქმედებისგან იცავს”, განმარტავს იეილის უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი ჯეფრი დოვერი. რეკომენდებული დღიური დოზა: 20 ცალი ნუში. ალტერნატივა: 2 სუფრის კოვზი არაქისის კარაქი.



2. სტაფილო - თუ ამერიკის ერთ-ერთ წამყვან დერმატოლოგს, ჰოვარდ მურადს დავუჯერებთ, A ვიტამინით გაჯერებული სტაფილო, კანის ზედა შრეში უჯრედების ზედმეტი რაოდენობით გამომუშავებას აბრკოლებს - სწორედ ამ ზედა შრეში ხდება კანის მკვდარი უკრედების და კანის ცხიმის შეერთება, რის შედეგადაც ფორების დაბიძურება მიმდინარეობს. ამას გარდა, A ვიტამინი კანის სიმსივნოვანი უჯრედების განვითარებას ამცირებს. რეკომენდებული დღიური დოზა: 2-3 საშუალო ზომის სტაფილო. ალტერნატივა: 1 ჭიქა ძროხის რძე.



3. შავი შოკოლადი - შავ შოკოლადში შემავალი ფლავონოლი ზოგადი გუნება-განწყობის ამაღლების გარდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტი და საუკეთესო საშუალებაცაა, მზის სხივების დაზიანებისაგან კანის დასაცავად. რეკომენდებული დღიური დოზა: 50-60 გრამი.



4. ისპანახი - "ისპანახის ფოთლები C ვიტამინის და ფოლიუმის მჟავის ღირებული წყაროა, რომლებიც დნმ-ის აღდგენას და შენარჩუნებას უწყობენ ხელს და სიმსივნის განვითარების ალბათობას ამცირებენ”, აღნიშნავს ექიმი დრეიერი, “მწვანე ფოთლებში შემავალი წყალი კი კანის უჯრედების გარსში აღწევს და მას მოცულობას მატებს და იმავდროულად ნაოჭების გაჩენის პრევენციასაც ახდენს”.



5. მწვანე ჩაი - დამეთანხმებით, ალბათ, რომ ცივი ჩაი ცხელზე არანაკლებ სასიამოვნო დასალევია. თუმცა, ექიმებს თუ დავეკითხებით, ჯადოსნური მოქმედების მქონე კატექინები მხოლოდ ცხელ მწვანე ჩაიში გამომუშავდება. ამ კატექინებს ანთებების და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნიათ. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, დღის განმავლობაში 2-დან 6 ფინჯანი მწვანე ჩაის მომხმარებლებში, გაცილებით მცირეა კანის სიმსივნის გაჩენის ალბათობა. გარდა ამისა, მწვანე ჩაის მზის სხივების მიერ კანში გამოწვეული უარყოფითი ცვლილებების ნეიტრალიზების უნარიც გააჩნია.


წინასწარვე ვივარაუდებ, რომ ყველა თქვენგანი უპირობოდ და სიამოვნებით შეასრულებს მესამე რეკომენდაციას - მეც თქვენს რიგებში ვარ. თუმცა, არც დანარჩენი ოთხი პროდუქტის მიმართაც ვარ მწყრალად განწყობილი - მითუმეტეს, გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე.


საუკეთესო სურვილებით, მომდევნო პოსტამდე!

მსგავსი ბლოგები