წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ჩემი წილი მაგნიუმი

ბლოგი:
აპრილი 21, 2012
ავტორი Anika
როგორია ჯანმრთელობის ფორმულა?! ან კი არსებობს საერთოდ ასეთი მაგიური ფორმულა?!

ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს. ვერც ექიმებთან მოვიძიე სასურველი კონკრეტული ინფორმაცია. სამაგიეროდ, ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ: ფორმულა ყველამ თავად უნდა გამოვიმუშავოთ, საკუთარ თავზე მორგებულად - ჯანსაღი, შეძლებისდაგვარად ბიოლოგიურად სუფთა საკვებით; ფიზიკური სავარჯიშოებით; ძილ-ღვიძილის ადექვატური რეჟიმით და ორგანიზმის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ვიტამინების და მინერალების მიღებით. ერთ-ერთი ასეთი მინერალი, რომელსაც ამერიკელი ექიმ-დიეტოლოგი ფრანკ ლიპმანი ხშირად ურჩევს საკუთარ პაციენტებს, მაგნიუმია. მოდით, მოკლედ გადავავლოთ თვალი რა სარგებლობა მოაქვს მაგნიუმს ჩვენი ორგანიზმისთვის და რამდენად მნიშვნელოვანია მისი დღიურ რაციონში ჩართვა.

მაგნიუმი ბუნებრივი მინერალია, რომელიც სისხლში, ძვლებში, ქსოვლებში და ორგანოებში გვხვდება. მისი ძირითადი ფუნქცია ორგანიზმში მიმდინარე ასობით ქიმიური რეაქციის პროცესის კონტროლია. გარდა ამისა, მაგნიუმი არტერიული წნევის დარეგულირებას, ძვლების და კუნთების სიძლიერეს, გულ-სისხლძარღვოვანი სისტემების და ტვინის ფუნქციონირებას უწყობს ხელს და იმუნური სისტემის მწყობრში ყოფნას უზრუნველყოფს.



ორგანიზმში დიდი რაოდენობით მაგიუმი თუ იშვიათობას წარმოადგენს, სამაგიეროდ ხშირია მაგნიუმის ნაკლებობის შემთხვევები. ექიმ ლიპმანი აღნიშნავს, რომ ასეთმა ნაკლებობამ, თავის მხრივ, შესაძლოა კუნთების ტკივილი, მეხსიერების პრობლემები, გულისცემის რიტმის დარღვევა, ალერგიები და სხვა უსიამოვნო გართულებები გამოიწვიოს. ხშირად მაგნიუმის დეფიციტი ჩვენს სეზონურ გუნება-განწყობაზეც მძაფრად აისახება: ამ დროს განწყობის მარეგულირებელი ჰორმონების - სეროტონინის და მელატონინის გამოყოფა საგრძნობლად მცირდება.

კვლევების თანახმად, ადამიანთა 80 პროცენტი მაგნიუმის დეფიციტს განიცდის, ამიტომაც მიგვითითებენ სპეციალისტები ამ დეფიციტის გარედან შევსების აუცილებლობაზე. ერთ-ერთი ასეთი საშუალება მაგნიუმის პრეპარატის მიღებაა, რომლის დოზა და ფორმაც ინდივიდუალურად, ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე უნდა შეირჩეს.

რაც შეეხება ექიმთან ვიზიტის გარეშე, საკუთარი ძალებით მაგნიუმის ბუნებრივი წყაროების მოძიებას, აქ გაცილებით მარტივად შეგვიძლია ვიმოქმედოთ. ამ მინერალის შევსების ერთ-ერთი საუკეთესო გზა ბუნებრივი მინერალებით მდიდარი წყაროს წყლის მიღებაა (მაგალითად, “ბაკურიანის” წყალი 5-16 მგ/ლ მაგნიუმს შეიცავს), რაც მინიმალურ ძალისხმევას და დანახარჯებს მოითხოვს თქვენი მხრიდან.



გარდა ამისა, მაგნიუმით მდიდარია ისეთი პროდუქტები, როგორიცაა მწვანე ფოთლები, ისპანახი, მუქი ფერის ლობიო, გოგრა, გოგრას თესლები და თევზის გარკვეული ნაირსახეობები. ამ ყველაფერს დანამატის სახით მაგნიუმის აბებსაც თუ დაუმატებთ, როგორც ამას ექიმები გვირჩევენ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ - თქვენი ორგანიზმი მაგნიუმით სრულად მომარაგებული იქნება.

დროებით, მომდევნო პოსტამდე!

ანიკა



მსგავსი ბლოგები