წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

დაუმარცხებელი 2-3 კილოგრამის შესახებ

ბლოგი:
აპრილი 05, 2012
ავტორი Anika
გაზაფხულის მოსვლას, ყველა მზე-სითბო-სიმხურვალის მოყვარული ადამიანის მსგავსად, მეც მოთმინებით ველი ხოლმე. თუმცა, ამ სასიამოვნო მოლოდინის პროცესს, ყოველ ჯერზე, ორი რამ მიფერმკრთალებს: ერთი მხრივ, მარტის თვის გულისგამაწყალებელი ამინდები და მეორეც - სასწორზე დადგომის პანიკური შიში (გამოგიცდიათ, ალბათ). ზამთრის თვეებში საგანგებოდ ორგანიზებული განტვირთვის დღეების მიუხედავად (ტრადიციულად, ახალი წლის ღონისძიებების შემდეგ რომ ვაწყობთ), ძნელია იმ ემოციების იგნორირება, სეზონზე მივიწყებული ჯინსების ჩაცმისას რომ შემოგაწვებათ: იმედგაცრუება, სინანული, შესაძლოა საკუთარი უპრინციპობის და სიხარბის გამოც უხერხულად იგრძნოთ თავი - აქ გავჩერდები, ამ თემას მეტს აღარ განვავრცობ და გაცილებით სასიამოვნო ნარატივზე გადავალ.


აქვე დავაზუსტებ, რომ სუპერდიეტაზე არ ვაპირებ საუბარს: 7-დღეში-7-კილოს-დაკლების ჯადოქრობებით არასდროს დავინტერესებულვარ! უბრალოდ, მინდა, ცხოვრების წესთან დაკავშირებული 5 სასარგებლო, ჯანსაღი და მარტივი რეკომენდაცია გაგიზიაროთ, რომელიც მინიმალურ ძალისხმევას და დანახარჯს მოითხოვს და რეალურ, ხელშესახებ შედეგს მოგცემთ - 3-4 კვირაში ზამთრის “დანაზოგი” 2-4 კილოსგან შეძლებთ განთავისფულებას, ყოველ შემთხვევაში, ექიმები ასე გვარწმუნებენ.


ეს რჩევა-რეკომენდაციები ჩემი აღმოჩენა არ გეგონოთ - ისინი ლოს-ანჟელესის წამყვან ნუტრიციოლოგ ჰეილი პომროის (სხვათაშორის, პომროი ჯენიფერ ლოპესის პირადი ექიმიცაა) და წონის კონტროლის ერთ-ერთ საუკეთესო ნიუ-იორკელ სპეციალისტს სტეფან გალოს ეკუთვნის.



რჩევა N1 - შეიტანეთ კვების რაციონში ცხიმების წვის პროცესის დამაჩქარებელი პროდუქტები. სალათის ფოთლების შედარებით მუქი ფერის ნაირსახეობები, სატაცური, კიტრი, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ნუში, ყაბაყი, სოკო, კივი, გრეიფრუტი - ჩამოთვლილი პროდუქტები მდიდარია უჯრედისით, უჯრედისის გადასამუშავებლად კი ორგანიზმი დიდი რაოდენობის ენერგიას (შესაბამისად კალორიებს) მოიხმარს. გარდა ამისა, კვლევები ადასტურებენ, რომ უჯრედისის შემცველი საკვები გადამუშავებისას ერთგვარ გარსს ქნის საჭმლის გადამამუშავებელი სისტემის კედლებზე და ამით აფერხებს სხვა პროდუქტებისგან მიღებული კალორების ათვისებასაც.


რჩევა N2 - მინიმუმამდე დაიყვანეთ ალკოჰოლის და კოფეინის მოხმარება. ექიმ პომროის მტკიცებით, კოფეინით სტიმულირებული თირკმელზედა ჯირკვალი ე.წ სტრესის ჰორმონს, კორტისოლს გამოიმუშავებს, რომლის ყველაზე მზაკვრული ფუნქცია ცხიმების დაგროვების ხელშეწყობაა. ალკოჰოლი კი ერთდროულად ნივთიერებათა ცვლასაც ანელებს და ავტომატურად ცხიმის სახითაც ინახება ორგანიზმში. ასე რომ, მათ მოხმარებას თუ შეძლებისდაგვარად შეამცირებთ, ეს მხოლოდ სასარგებლო შედეგს მოგიტანთ.



რჩევა N3 - რაც შეიძლება დიდი ოდენობით სითხე! ნივთიერებათა ცვლის პროცესის დასაჩქარებლად, რეკომენდებულია დღის განმავლობაში 12-14 ჭიქა (1.5-2 ლიტრი) წყლის დალევა. ღამით კი, ძილის წინ, ჩაის ნაცვლად, შეგიძლიათ ექიმ პომროის “ჯადოსნური ნაყენი” მიირთვათ, რომელიც ერთი ლიმნის წვენისგან, ერთი ჭიქა ანადუღარი წყლისგან და 1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუშისგან მზადდება (15 წუთი გააჩერეთ) - ეს ნაყენი ღამის განმავლობაში კალორიების წვასაც აჩქარებს და ორგანიზმში სითხის შეკავებასაც აფერხებს. თანაც, მერწმუნეთ, არც ისე ურიგო გემო აქვს.



რჩევა N4 – შვიდი-რვა საათიანი ძილის რეჟიმი. კვლევები ადასტურებენ, რომ ღამის განმავლობაში 6 საათზე ნაკლები დროით ძილი არა მარტო აფერხებს წონაში კლებას, არამედ ხელსაც კი უწყობს ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას. ჩიკაგოს უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის დირექტორის ევ ვანკოტერის თქმით, არასაკმარისი ღამის ძილის შედეგად ნაყროვანების ჰორმონი ლეპტინი მცირდება, შიმშილის ჰორმონი, გერლინი კი იმატებს - ასე მარტივად.



რჩევა N5 - წონაში დაკლების მსურველებს, ექიმები შემდეგი 5 დანამატის მიღებას გვირჩევენ:


პრობიოტიკები, რომლებიც ჯანსაღი ბაქტერიული ბალანსისთვის და შესაბამისად წონის კორექციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია;


B ჯგუფის ვიტამინები, სტრესის ჰორმონის, კორტისოლის გამოყოფას უშლის ხელს და იმავდროულად ნივთიერებათა ცვლის ჯანსაღ ტემპს უზრუნველყოფს;


კალციუმი - კალციუმით მდიდარი დიეტა განსაკუთრებით ეფექტურია მუცლის არეში ზედმეტი წონის დასაკლებად;


D ვიტამინი, რომლის ნაკლებობაც ძალიან ართულებს ზედმეტი კილოგრამებისგან განთავისუფლების პროცესს;


ომეგა-ცხიმები - ბუნებრივი ცხიმ-მჟავები სისხლში შაქრის დონეს და ცხიმოვან მეტაბოლიზმს არეგულირებენ. უკანასკნელ წლებში თევზის ზეთის კაფსულების პოპულარობა სელის მარცვლების ზეთმა შეცვალა (Flaxseed oil), რომლებიც ასევე კაფსულების ფორმით იყიდება და ომეგა 3 და 6 ზეთების გარდა, ომეგა 9-საც შეიცავს.


მოკლედ, სულ ეს იყო. იმედი მაქვს, ერთი-ორი სასარგებლო რჩევის გაზიარება მაინც შევძელი. აქვე გეტყვით, რომ რამდენიმე რეკომენდაციის შესრულებას უკვე შევუდექი და რეზულტატების შესახებ რამდენიმე კვირაში შეგატყობინებთ.


მომდევნო პოსტამდე!



Og, schlossplatz 2, 48149 münster dienstag, ghostwriting services 08.

მსგავსი ბლოგები