წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

გაგრძელება პიერ დიუკანის თემაზე

ბლოგი:
აპრილი 28, 2012
ავტორი Anika
რამდენიმე დღის წინ, დიუკანის დიეტის შესახებ პოსტი გამოვაქვეყნე ( ამ პოსტის გაცნობამდე, გირჩევთ, ჯერ ამ ბმულზე არსებული წერილი წაიკითხოთ სათაურით "ჩემი მეგობარი დიუკანი" http://blog.bakurianiwater.ge/?p=138), რომელმაც, როგორც ჩანს, ბევრი დააინტერესა. არაერთი შეკითხვა მივიღე ანიკას ბლოგის მკითხველებისგან და ამიტომაც გადავწყვიტე, ამ პოპულარული დიეტის თემაზე მხოლოდ ერთი პოსტით არ შემოვიფარგლო და უფრო დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ დიეტის დაწყების მსურველებს.

საქმეზე გადავალ და პირველი ფაზის შესახებ მოგიყვებით. როგორც წინა პოსტში გითხარით, ეს ფაზა 2-10 დღემდე გრძელდება იქიდან გამომდინარე, თუ რამდენი კილოგრამი გაქვთ დასაკლები. ამ პერიოდში მიირთმევთ ქვემოთ სიაში ჩამოთვლილ პროდუქტებს შეუზღუდავი რაოდენობით, დღის ნებისმიერ მონაკვეთში:

  1. ნაკლებცხიმიანი ხორცი - საქონლის ან ხბოს, გრილზე შემწვარი ან ტაფაზე მობრაწული, ცხიმის გარეშე;

  2. საქონლის ან ქათმის ღვიძლი და ენა;

  3. ფრინველის ხორცის ყველა სახეობა, ბატის და იხვის გამოკლებით;

  4. ღორის ნაკლებცხიმიანი ხორცი;

  5. ყოველგვარი თევზეული - ცხიმიანი, ნაკლებცხიმიანი, თეთრი, ზეთიანი, უმი თუ მოხარშული;

  6. მოლუსკების და კიბოსმაგვარის ყველა სახეობა;

  7. დაბალცხიმიანი საქონლის ან ქათმის ლორი;

  8. კვერცხი;

  9. რძის პროდუქტები, უცხიმო;

  10. მინიმუმ 1.5 ლიტრი წყალი, მარილის დაბალი შემცველობით;

  11. 1.5 ს.კ შვრიის ქატო (მე მაწონში ან კეფირში ვურევ);

  12. ყავა, ჩაი, ძმარი, სუნელები, ლიმონი, მარილი და მდოგვი (ზომიერად);

  13. დღის განმავლობაში სავალდებულო 20 წუთიანი სიარული, უბრალოდ ფეხით გასეირნება.


ეს ამომწურავი ჩამონათვალი პირველი ფაზისთვის და ამ პროდუქტების გარდა, სხვა საკვების მიღება აკრძალულია.



გადავიდეთ მეორე ფაზაზე - აქ პირველ ფაზაში ნებადართული ყველა პროდუქტის მიღებას აგრძელებთ და ამატებთ შემდეგ ბოსტნეულს, უმს ან მოხარშულს, შეუზღუდავი რაოდენობით და დღის ნებისმიერ მონაკვეთში: პომიდორი, კიტრი, ისპანაჰი, ბოლოკი, სატაცური, კომბოსტო, მწვანე ლობიო, სოკო, მწვანე ფოთლების ნაირსახეობები, ბადრიჯანი, ყაბაყი, ბულგარული წიწაკა, მწვანილები. სტაფილო და ჭარხალი ნებადართულია, მხოლოდ მცირე რაოდენობით, ვინაიდან სხვა ბოსტნეულთან შედარებით, შაქრის მაღალი შემცველობა აქვს.



მეორე ფაზაში წმინდა ცილოვანი და ცილოვანი+ბოსტნეული დღეების მორიგეობას თვითონ არჩევთ: შეგიძლიათ 1/1 ციკლი შეარჩიოთ და ერთი დღე ცილოვანი და მომდევნო დღე ცილოვანი+ბოსტნეული გააკეთოთ ან 5/5 დღიანი ციკლი შეარჩიოთ.

მესამე, კონსოლიდაციის ფაზას რაც შეეხება, აქ შეგიძლიათ შემდეგი პროდუქტების მიღება:

  1. პირველ ფაზაში მითითებული ცილოვანი საკვები;

  2. მეორე ფაზაში მითითებული ბოსტნეული;

  3. დღის განმავლობაში ერთი ულუფა ნებისმიერი ხილი მიირთვათ, ბანანის, ყურძნის, ალუბლის გარდა - ერთი ულუფა გულისხსმობს ერთ ცალ საშუალო ზომის ხილს (ვაშლი, მსხალი, ფორთოხალი) ან 2 ცალ პატარა ზომის ხილს (კივი, გარგარი), ასევე ერთი ფინჯან კენკროვან ხილს.

  4. დღის განმავლობაში 2 ნაჭერი პური 100%-იანი დაუმუშავებელი ხორბლისგან;

  5. დღის განმავლობაში 40 გრამი ყველი;

  6. კვირაში ორჯერ თითო ულუფა სახამებლის შემცველი საკვები: მაგალითად, ბრინჯი, სპაგეტი და იტალური პასტას სხვადასხვა სახეობები, ბურღულეული. პასტას, შავი ბრინჯის და სხვა ბურღულეულის შემთხვევაში, ულუფა 225 გრამს მოიცავს, გამონაკლისია თეთრი ბრინჯი, რომელიც 175 გრამს არ უნდა აღემატებოდეს.

  7. ცხვრის ხორცი, ღორის შემწვარი ხორცი კვირაში ერთხელ ან ორჯერ.


ამას გარდა, კვირაში ორჯერ შეგიძლიათ დიუკანის სადღესასწაული კერძი მიირთვათ (ამ კერძების შესახებ ცალკე მოგიყვებით) და ყველაზე მთავარი - არ დაგავიწყდეთ, რომ კვირაში, ერთი დღე მხოლოდ წმინდა ცილოვანი დღე უნდა იყოს. აირჩიეთ კვირის ერთი კონკრეტული დღე, მაგალითად ხუთშაბათი და ყოველკვირეულად, ხუთშაბათი დღე იყოს ცილოვანი დღე.



და ბოლო, მეოთხე ანუ სამუდამო შენარჩუნების ფაზა, რომელიც შემდეგში მდგომარეობს:

  1. კვირის 7 დღიდან 6 დღე ისე მიირთმევთ, როგორც მოგესურვებათ. გაითვალისწინეთ მესამე ფაზის კვების რეჟიმი, რომ ძალიან ზედმეტად გადაჭარბება არ მოგივიდეთ.

  2. შეეცადეთ, შეინარჩუნოთ ის სასარგებლო ჩვევები, რომლებიც დიეტის მიმდინარეობისას გამოიმუშავეთ.

  3. კვირაში ერთი დღე დაუთმეთ მხოლოდ ცილებს.

  4. შეეცადეთ, რომ თქვენი ყოველდღიურობიდან სამუდამოდ გაქრეს ლიფტები და ესკალატორები.

  5. ყოველდღიურად მიიღეთ 3 ს.კ. შვრიის ქატო.


სულ ეს არის. წარმატებებს გისურვებთ და შეკითხვების და დამატებითი ინფრომაციის შემთხვევაში, არ მოგერიდოთ, მომწერეთ!

დიუკანის თემას ამით არ ამოვწურავ, კიდევ არაერთ სასარგებლო რეკომენდაციას გაგიზიარებთ მომავალში.

მომდევნო პოსტამდე!



ანიკა



მსგავსი ბლოგები