რას გვირჩევს ცნობილი ვიზაჟისტი დაღლილი თვალების შესალამაზებლად? პირადად მე კონსილერს ვიხმობ დასახმარებლად, ისევე როგორც ბევრი თქვენგანი, ალბათ. თუმცა, თუ ზომიერება ვერ შეინარჩუნეთ და ზედმეტი მოგივიდათ, მაშინ ეფექტი უარესი იქნება: უპეებზე მაკიაჟი შესამჩნევი და მძიმე იქნება. საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ კონსილერი თვალის შიდა და გარე კუთხეებზე უნდა წავისვათ მხოლოდ და არა თვალის მთელ ქვედა სიგანეზე.
თუ თქვენ ბუნებრივად ხშირი წამწამებით ვერ დაიკვეხნით ან თუ დროთა განმავლობაში წამწამებმა სიხშირე დაკარგეს, მარტივად შეგიძლიათ წამწამებს ტუშის მეშვეობით მოცულობა შემატოთ. ამისათვის მხოლოდ წამწამების დაბოლოებებზე კი არ ვისვამთ ტუშს, არამედ მთელი აქცენტი წამწამების ძირებზე გადაგვაქვს. წამწამების სპეციალურ გასახშირებელ კრემს ვისვამთ ძირებში (თუმცა თუ ეს პროდუქტი არ გაქვთ, მის გარეშეც მოახერხებთ ეფექტის მიღწევას), შემდეგ კი ვისვამთ ტუშს გვერდული მოძრაობით - ანუ ქვემოდან-ზედა მიმართულების ნაცვლად, მარცხნივ-მარჯვნივ მოძრაობით, შედეგად ტუში ადვილად მოხვდება ძირებში.
როგორ მივცეთ თვალებს სასურველი ფორმა - თვალის მაკიაჟის ტექნიკის უკეთესად აღსაქმელად, ლინდას სპეციალური ფოტო-ჩანართი აქვს გაკეთებული.
პირველ ილუსტრაციაზე მოცემული ტექნიკით თვალების დაგრძელებას და მათი ნუშისებრი ფორმის ხაზგასმას შევძლებთ.
მეორე ილუსტრაციის მიხედვით, თვალის ჩრდილს თუ გარეთა კუთხისკენ მისცემთ მიმართულებას, ასე ლიფტინგის ეფექტის მიღწევას შეძლებთ - თვალების გარე კუთხეებს ვიზუალურად ასწევთ.
მესამე ილუსტრაციაზე მოცემული ტექნიკაც ასევე თვალის გარე კუთხეების ლიფტინგის შესაძლებლობას იძლევა.
მეოთხე ილუსტრაცია კი მათთვისა, ვისაც თვალების შორი-შორ აქვს განლაგებული და მათი ვიზუალურად გადიდება სურს.
და ბოლოს, ტუჩებს რაც შეეხება. თხელი და ასიმეტრიული ტუჩების შემთხვევაში, მათ ფორმის კორექტირება მშრალი, მბზინვარების არმქონე პომადის მეშვეობით შეგიძლიათ. ნუ გამოიყენებთ მკვეთრ ტუჩის ფანქრის კონტურს - თქვენი ტუჩები ასე უხეშ და ულამაზო ელფერს მიიღებს.
პირველ ილუსტრაციაზე ხედავთ, რომ ფანქარი ყოველგვარი კორექტირების გარეშეა გასმული და შესაბამისად, ამან კიდევ უფრო ხაზი გაუსვა ტუჩის ასიმეტრიას. ტუჩის წვრილი ფუნჯით აიღეთ ცოტა პომადა და ზედა ტუჩის კონტური ნელა მოხაზეთ - ცენტრიდან გვერდებისკენ მოძრაობით. იგივე გაიმეორეთ ქვედა ტუჩზეც. შემდეგ პომადა წაისვით თხელ ფენად, გაუღიმეთ საკუთარ თავს სარკეში და კარგად დააკვირდით, გჭირდებათ თუ არა ტუჩებისთვის სისქის დამატება და კონტურების მეტად გასწორება.
მოადუნეთ ტუჩები, დამუწეთ პირი და გადაისვით ტუჩებზე დამატებით პომადა. თუ რამე დასაკორექტირებელია ზედა ტუჩზე, რაც პირველი წასმისას გამოგრჩათ, შეგიძლიათ გამოასწოროთ.
მოკლედ, დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია, თქვენთვის სასარგებლო ერთ რჩევას მაინც აღმოაჩენდით რეკომენდაციებში.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა