წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ჯანსაღი ცხოვრების წესები ოჯახის ყველაზე პატარა წევრებისთვის

ბლოგი:
ოქტომბერი 21, 2016
ავტორი Anika
როცა სიჯანსაღეს საკუთარი ცხოვრების წესად ირჩევ, შეუძლებელია ეს მოხდეს განცალკევებულად, ისე, რომ მთელი ოჯახის ცხოვრებაზე არ აისახოს: ასეთ დროს ჯანსაღი ცხოვრება უკვე მთელი ოჯახისთვის უალტერნატივო არჩევანი ხდება. ყველაზე დიდი ყურადღება და სიფრთხილე  ამ სიტუაციაში კი ოჯახის ყველაზე მცირეწლოვანი წევრების მიმართ გვმართებს.

ზოგადად, ბავშვების სიჯანსაღეზე ზრუნვა დაბადებიდან იწყება, როცა დედას შესაძლებლობა ეძლევა ბუნებრივ კვებაზე ამყოფოს ის. ასაკის მატებასთან ერთად, როცა ჩნდება მყარი საკვების რაციონში შეტანის საჭიროება, უკვე დედის თავსატეხიც იმატებს: ამ დროს იდეალურად უნდა გათვალო როდის, რა რაოდენობით, რა სახით მომზადებულ რა ტიპის საკვებს დააგემოვნებინებ ბავშვს. საკვები რაციონი და ზოგადად, კვების ჩვევები ისე მყარად უჯდებათ ბავშვებს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეჩვეული მავნე ჩვევების ამოგდება შემდეგ საკმაოდ რთულია ხოლმე. ამიტომაც, თავიდანვე უნდა მოხერხდეს, რომ მცირეწლოვანებს გარკვეული ჩვევები გამოუმუშავდეთ, ჩვენ კი ამისთვის რა უნდა ვიცოდეთ და გავაკეთოთ - ამასთან დაკავშირებით ამერიკის პედიატრთა ასოციაციის რჩევებს გაგაცნობთ:

მიზანი შეიძლება მარტივი ფორმულის სახით ჩამოყალიბდეს: 5,2,1,0 - ეს ფორმულა გულისხმობს დღის განმავლობაში 5 სახეობის ხილისა და ბოსტნეულის მირთმევას; 2 საათზე ნაკლები დროს გატარებას ეკრანის წინ (ტელევიზორი ან კომპიუტერი); 1 საათიან ფიზიკურ აქტივობას; და 0 რაოდენობის შაქრიანი სასმელის მიღებას.

ეს პროცესი ბავშვებისთვისაც და მშობლებისთვისაც უფრო მარტივი და მოქნილი რომ გახდეს, ამისთვის თავად მშობლები უნდა აძლევდნენ ბავშვებს მაგალითს: ჯანსაღი საკვების მიღებით და სისტემატური ვარჯიშით. საყიდლებზე წასვლისას პერიოდულად ბავშვებიც შეიძლება თან წაიყვანოთ და ფერების მიხედვით დახარისხებული ხილი და ბოსტნეული ერთად შეარჩიოთ - საკმაოდ სახალისო პროცესია მათთვის.

ამას გარდა, ბავშვების ჯანსაღი ჩვევების გამომუშავებისთვის მნიშვნელოვანია ოჯახი, როგორც ერთი მთლიანი, ყოველდღიურად მიირთმევდეს საუზმეს; სისტემატურად მიირთმევდნენ ერთ კვებას მაინც ოჯახის სრული შემადგენლობით; საკვები რაციონი მდიდარი იყოს კალციუმით და უჯრედისით.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები