წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

მანიკურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები

ბლოგი:
ივნისი 08, 2016
ავტორი Anika
დღევანდელ პოსტში მანიკურთან დაკავშირებულ სასარგებლო რჩევებს თუ საინტერესო ფაქტებს გაგიზიარებთ, რომელთაც პრაქტიკული დანიშნულება აქვთ და ჩემ მსგავსად, მანიკურთან მწყრალად მყოფებს (ვისაც დამოუკიდებლად სხვადასხვა მანიპულაციების ჩატარება უჭირს) იმედია, გამოადგება.

1. ჩემთვის ყველაზე პრობლემური ლაქის წასმის რიტუალი - მოკლედ, იდეალური ტექნიკა ასეთია: ფუნჯით ცოტა ლაქს ვიღებთ და ფრჩხილის ცენტრალურ ნაწილში, ნუნისგან ცოტა დაშორებით დავასვამთ წერტილს. შემდეგ უკვე ამ შუა წერტილიდან მარცხენა და მარჯვენა მიმართულებით ჩამოვუსვამთ ფუნჯს ისე, რომ ხაზები გავავლოთ. ამის შემდეგ უკვე მარტივად "შევავსებთ" არსებულ სიცარიელეს.

2. ფრჩხილის ლაქი გრილ ადგილას შეინახეთ - მაცივარი იდეალური ადგილსამყოფელი ყოფილა. ასე ლაქი გაცილებით მეტ ხანს გაძლებს და გვიან დაიწყებს გაშრობას.

Spilled pink nail polish

3. არასდროს შეანჯღრიოთ ლაქის ფლაკონი - წასმამდე ფლაკონი ხელის გულებს შორის ვერტიკალურ მდგომარეობაში რამდენჯერ დაატრიალეთ. ეს ლაქში ჰაერის ბუშტუკების წარმოშობას აგაცილებთ თავიდან, რაც შემდეგ ფრჩხილზე ძალიან ცუდად გამოიყურება.

4. სისტემატურად გამოიყენეთ სახლში ნუნებისთვის განკუთვნილი ზეთი - ასე ფრჩხილების ირგვლივ არსებული კანი მუდმივად დატენიანებული იქნება, რაც უპირველე ყოვლისა მოვლილ თითებზე მიუთითებს. ამას გარდა, დატენიანებულ ნუნებზე მინიმალურად გაჩნდება ნახეთქები თუ უსიამოვნოდ აფუფხული მონაკვეთები და ზოგადად, მანიკური უფრო მეტ ხანს გაგიძლებთ.

5. თავი შეიკავეთ ისეთი ლაქების გამოყენებისგან, რომლებიც 60 წამში გაშრობას გპირდებათ. ასეთი სწრაფი მოქმედების ლაქები საკმაოდ მავნე ნივთიერებებს შეიცავენ, რაც საბოლოო ჯამში ფრჩხილზე უარყოფითად აისახება. ამიტომაც, უმჯობესია, ჩვეულებრივი ლაქი გამოიყენოთ და ზემოდან უკვე საშრობი გადაისვათ.

6. აუცილებლად გამოიყენეთ მანიკურის ბაზა. ასე, თქვენი მანიკური გაცილებით მეტ ხანს გაძლებს და იმავდროულად ძირითადი ლაქის ფერადი ნივთიერებებიც ფრჩხილში ვერ შეაღწევს და უსიამოვნო ყვითელ ფერს არ მისცემს მას. და ნუ დაზოგავთ ფულს ბაზაზე: ხარისხიანი და სანდო ბრენდის პროდუქცია შეარჩიეთ.

7. ხელები ნელთბილი წყლით დაიბანეთ. ცხელი წყალი მანიკურის დაუძინებელი მტერია. მის შემდეგ ადვილადაა შესაძლებელი, რომ ლაქი აგექერცლოთ და გაფუჭდეს.

8. ფრჩხილები ერთი მიმართულებით გაიქლიბეთ. რთული შესაჩვევია, ალბათ, მაგრამ როგორც ამ საქმის სპეციალისტები ამბობენ, ასე უფრო ჯანსაღ მდგომარეობაში შეინარჩუნებთ ფრჩხილებს და თავიდან აიცილებთ მათ აქერცვლას.

9. და ბოლოს, გამოიყენეთ ლაქის გასამკვრივებელი დაფარვა - ე.წ. ტოპი, რომელსაც მანიკურის ბოლო ეტაპზე ვისვამთ. ეს დამცავი დაფარვა ლამაზ მანიკურს დიდ ხანს შეგინარჩუნებთ, ცხელი წყლისგან შეძლებისდაგვარად დაიცავს მას და ლამაზ მბზინვარებასაც მიანიჭებს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები