ზოგადად ითვლება, რომ თუ ორგანიზმში მჟავე-ტუტოვანი ბალანსი დაცულია, ორგანიზმი შეუფერხებლად და ოპტიმალურად მუშაობს. თუ სისხლში მჟავიანობის მაჩვენებლი ნორმას აღემატება, ასეთ შემთხვევაში ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესი შეიძლება დაირღვეს: საკვების ათვისება რთულდება, ჩნდება მინერალების და მიკროელემენტების (კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი) დეფიციტი, ხდება ცხიმების დაგროვება, ქვეითდება იმუნიტეტი, უარესდება კანის და თმის მდგომარეობა, ქვეითდება სასიცოცხლო ენერგიები.
რა ითვლება "ცუდ" საკვებად ტუტოვანი დიეტის ფარგლებში? ყოველგვარი ცხოველური წარმოშობის საკვები: საქონლის და ფრინველის ხორცი, თევზი (ორაგულის გამოკლებით), ყველა სახის ცხოვეული ცხიმი, რძე, ყველი, კვერცხი; თაფლი, ფქვილისგან დამზადებული ნებისმიერი საკვები, თეთრი ბრინჯი, სოკო, ტკბილეული, ხელოვნური დამატკბობლები, ყავა, გაზიანი სასმელი, შავი ჩაი და თითქმის ყველა სახის ალკოჰოლური სასმელი. ტუტოვან (ალკალოზურ) ანუ ნებადართულ საკვებს მიეკუთვნება ბოსტნეული, კენკრა, ხილი, მათ შორის მომჟავო გემოს ისეთი ხილიც, როგორიცაა მჟავე ვაშლი, ლიმონი, ლაიმი, გრეიფრუტი, ბროწეული, პომიდორი, ისპანახი, თხილეული, წყალმცენარეები, მწვანილი, ბურღულეული (წიწიბურა, ქინოა, შვრია, ფეტვი), ბანანი, ქიშმიში და სხვა ხილის ჩირი, კოჭა, ქოქოსის და ნუშის რძე, ზეითუნის, ქოქოსის და სელის ზეთები, ყურძნის წიპწების ზეთი, ავოკადო.
ტუტოვანი დიეტის ერთგული მიმდევრები მიიჩნევენ, რომ დღიური რაციონი 80%-ით ტუტოვანი საკვებისგან უნდა შედგებოდეს, რაც მჟავე საკვებს მხოლოდ 20%-იან წილს უტოვებს. თუმცა, დიეტოლოგების დიდი ნაწილის აზრით, თუ საკვები რაციონის 2/3 ტუტოვან, ხოლო 1/3 მჟავიან საკვებს შეადგენს, ეს სრულიად საკმარისია.