წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

მხიარული თითების თეატრი

ბლოგი:
აპრილი 14, 2012
ავტორი Anika
გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, თავისდა უნებურად სიჭრელის მოთხოვნილება გიჩნდება. თქვენი არ ვიცი და მე ტრადიციულად ასე მემართება ხოლმე - მინდა ჩემს ირგვლივ ყველაფერი ნათელი, ხალისიანი და ჰარმონიული შეფერილობის იყოს. არ აქვს მნიშვნელობა ეს სამოსს ეხება, აქსესუარებს თუ კოსმეტიკას. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ ჩამონათვალიდან ერთ-ერთი კომპენენტი მგვრიდეს “სიჭრელეს” - მასიურ, გადაზელილ სიჭრელის მოყვარულთა რიგებს არ მივეკუთვნები.


ამ პოსტში მინდა თითების გადახალისებაზე გესაუბროთ და ფრჩხილის ლაქების 2012 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებიდან ყველაზე საინტერესო ფერების და პროდუქტების შესახებ მოგიყვეთ.



თუ გახსოვთ, შარშან Chanel-მა სამი განსხვავებული ლურჯი ფერისგან შემდგარი ლაქების კოლექცია გამოუშვა (Blue Rebel, Blue Boy and Coco Blue), მხოლოდ ლიმიტირებული რაოდენობით. სასიამოვნო სიახლე ის არის, რომ ამ სეზონზე ეს სამი ფერი უკვე ძირითად კოლექციაში შევიდა და ნებისმიერი მოკვდავისთვის არის უკვე ხელმისაწვდომი.



ლურჯიდან ცისფერისაკენ გარდამავალი პალიტრის მოყვარულებისთვის, მგონია, საინტერესო არჩევანი უნდა იყოს Loreal-ის “Now you see me” და Estee Lauder-ის “Teal Topaz” ლაქები, რომლებიც ამ ფერთა პალიტრის უფრო ნაზი და “შესუსტებული” ფერებია, რაც პირადად მე ძალიან მომწონს.



ჩამქრალი იასამნისფერი პალიტრა შეგიძლიათ Essie-ს და Dolce&Gabbana-ს ახალ კოლექციებში მოიძიოთ: Essie-სთან სახელწოდებით “to buy or not to buy”, Dolce&Gabbana-სთან კი “Lilac” სახელით. მხოლოდ, ერთი რამ გაითვალისწინეთ, რომ როცა საქმე იასამნისფერ ფრჩხილის ლაქს ეხება, გაცილებით ელეგანტურია პრიალა, მბზინავი ეფექტის მქონე იასამნისფერი - გირჩევთ, გამოსცადოთ.



OPI-ს სიახლე აქვს, კოლექცია სახელწოდებით “ჰოლანდია”, რომელშიც ჩემი ყურადღება მარჯნისფერის კაშკაშა ვარიანტმა მიიპყრო (H53 A Roll in the Hague): ნაკლებად პრეტენზიულია იმ თვალსაზრისით, რომ ნებისმიერი კანის ფერს უხდება და იმავროულად განწყობის ასამაღლებლადაც იდეალურია.



ატმისყვავილობის დაწყებასთან ერთად, საგაზაფხულო განწყობის კიდევ უფრო გასამძაფრებლად, შეგიძლიათ ატმისფერის მსუბუქი ტონალობები გამოსცადოთ. მაგალითად, Chanel-ის 539 ნომერი სახელწოდებით June, ხოლო ვინც ფორთოხლისფერით ექსპერიმენტირების განწყობაზე ხართ, გირჩევთ Avon-ის Orange Creamsicle სცადოთ.



შედარებით მუქი, ზეთისხილის ფერის კანი თუ გაქვთ, ჩემს მსგავსად, თითების დამაგრძელებელი ეფექტისთვის იდეალურია OPI-ს ახალი ფერი “Did you ‘Ear about Van Gogh” ან Tom Ford-ის უფრო მოვარდისფრო ტონალობაში გარდამავალი, “Toasted Sugar”.


მოკლედ, თითების “გადახალისებასთან” დაკავშირებით, ამჯერად, სულ ეს იყო.


აქვე მოგილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ!


დროებით, მომდევნო პოსტამდე!

მსგავსი ბლოგები