წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

პედიატრების #რჩევებიმშობლებს - თამარ ობგაიძე

ბლოგი:
დეკემბერი 23, 2021
ავტორი ბაკურიანი

• პირველი 1000 დღე ადამიანის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დღეების ათვლა ბავშვის ჩასახვიდან იწყება. განვითარების ამ ეტაპებზე ნებისმიერი დადებითი, თუ უარყოფითი სტიმული ბავშვის ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს. სწორ კვებას და მოვლას, ადეკვატურ სამედიცინო მეთვალყურეობას შეუძლია ბავშვის ჯანმრთელობა პრაქტიკულად ადრეული ეტაპიდან დააპროგრამოს და ცხოვრების მომდევნო ეტაპებზე ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკი შეუმციროს. როცა კვებით პროგრამირებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ საუკეთესო საკვები ბავშვისთვის დედის რძეა. 

• დედის რძე ცოცხალი ნივთიერებაა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს ბავშვის მოთხოვნილებებს საკვებ ნივთიერებებზე. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მასში D ვიტამინი მცირე რაოდენობითაა, ამიტომ რაქიტის პროფილაქტიკისთვის მისი მიცემა ჩვილისთვის აუცილებელია. ის კალციუმისა და ფოსფორის ცვლას არეგულირებს და ძვლების სიმტკიცეს განაპირობებს, თუმცა D ვიტამინს ორგანიზმში სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციებიც აქვს.

• 6 თვიდან დამატებითი კვების დაწყების შემდეგ, ჩვილისთვის წყლის მიცემა აუცილებელია. ამერიკის შეერთებული შტატების პედიატრიის აკადემიის რეკომენდაციის მიხედვით, 6-12 თვემდე ასაკის ჩვილს დაახლოებით 120-240 მლ. წყალი სჭირდება, 1-2 წლამდე - 240-950 მლ. ხოლო 2-5 წლამდე ასაკში მას 240-1200 მლ. წყალი ეკუთვნის.

• გარემოს მაღალი ტემპერატურისას, როცა ორგანიზმი სითხეს ოფლის სახით კარგავს, ცხელების, ნაწლავის შეკრულობის და სხვა დაავადებების დროს, აუცილებელია წყლის დღიური რაციონის ოდენობა გავზარდოთ.

• ბავშვისთვის განკუთვნილ წყალში არ უნდა იყოს მავნე მინარევები. მაგალითად - ვერცხლი, ტყვია, ნახშირის დიოქსიდი, ასევე დაავადების გამომწვევი მიკრობები,  წყალი უსაფრთხო ჭურჭელში უნდა იყოს ჩამოსხმული. ამის გათვალისწინებით, რეკომენდებულია ბოთლირებული წყალი, რომელიც გაფილტრულია და მხოლოდ სასარგებლო მინერალებს შეიცავს.

• იზრუნეთ თქვენი პატარების ძილის რუტინის ჩამოყალიბებაზე, რაც ძილის წინ ერთი და იგივე ქმედებების მუდმივად განმეორებას გულისხმობს. მაგალითად, ვახშმის შემდეგ აბაზანა, საღამურის ჩაცმა, ლოგინში ჩაწოლა. პატარა ამ თანამიმდევრობას თანდათან ეჩვევა.

• ძილის წინ არ არის სასურველი აღმგზნები თამაშები და ხმაური. ეცადეთ, ადრეული ასაკიდან, საკუთარ ლოგინში დაძინებას მიაჩვიოთ. იზრუნეთ უსაფრთხო ძილზე.

• უსაფრთხო ძილი ნიშნავს ძილის დროს სხეულის სწორ პოზიციას - ჩვილს უნდა ეძინოს ზურგზე და არა მუცელზე. მის ლოგინში არ უნდა იყოს სათამაშოები, ბალიში, საწოლის რბილი ბამპერები. საწოლის ზედაპირი უნდა იყოს მყარი. საბანი ისე უნდა ამოუკეცოთ პატარას, რომ მან საბნის თავზე შემთხვევითი გადაფარება ვერ შეძლოს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ე.წ. ჩასაცმელი საბანი, სადაც ჩვილს ხელები თავისუფალი აქვს და მოძრაობაც თავისუფლად შეუძლია.

• და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ, რომ ფიზიკური აქტივობა ბავშვის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვილებში ამ ტიპის აქტივობას  დაახლოებით 30 წუთი უნდა დაეთმოს, რაც მუცელზე წოლას და მარტივ ფიზიკურ ვარჯიშებს გულისხმობს. 1-3 წლამდე ასაკის პატარა სუფთა ჰაერზე დღის განმავლობაში, დაახლოებით 3 საათი უნდა ვასეირნოთ. 3-5 წლის ასაკში კი, საჭიროა აქტიური ფიზიკური დატვირთვა თამაშის სახით, დღის განმავლობაში დაახლოებით 3 საათი, ან 15 წუთი ყველა იმ საათში, როცა ბავშვი ფხიზლობს.


მსგავსი ბლოგები