დილით უზმოდ, წყლის და მინერალების ბალანსის აღდგენა უმნიშვნელოვანესია. ამიტომაც, დილით და ზოგადად, დღის განმავლობაში უმთავრესი სასმელი წყალი უნდა იყოს - გაღვიძებისთანავე ერთი ან 2 ჭიქა წყლის დალევა ჩვევად უნდა ვაქციოთ ორგანიზმის გამოსაცოცხლებლად. წყალს ნული კალორია აქვს, ბუნებრივი მინერალების ოპტიმალურ ბალანსს შეიცავს, რომლებიც ბუნებრივი გაცვლითი პროცესების ამუშავებას უწყობს ხელს.
წყლის შემდეგ, დღის პირველ ნახევარში, ტონუსში მოსასვლელად შეგიძლიათ უკვე ყავის ან ჩაის მირთმევა. ჩემთვის ფინჯანი ყავა უალტერნატივო სასმელია დილის საათებში: არომატულია, სასიამოვნო დასალევი, სწრაფად მაფხიზლებს, ხელს უწყობს ქსოვილებიდან შეკავებული სითხის გამოდევნას, ტონუსში მოყავს სისხლძარღვები და აბალანსებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.
რაც შეეხება ჩაის, ის ნაკლები ოდენობით შეიცავს კოფეინს (გამონაკლისია მწვანე ჩაი), სამაგიეროდ გამოირჩევა ეთერზეთების და ვიტამინების შემცველობით, რაც არანაკლებ მასტიმულიზირებელ ეფექტს იძლევა. კვლევები ადასტურებენ, რომ შავი ჩაი იდეალური საშუალებაა დაღლილობის დასამარცხებლად, ვინაიდან ის ხელს უწყობს დოფამინის და სეროტონინის გამომუშავებას. რაც შეეხება მწვანე ჩაის, ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის გამო, ის იდეალურია წახემსების შემდეგ, ვინაიდან ხელს უწყობს ორგანიზმზე მძიმე საკვების ნეგატიური გავლენის განეიტრალებას.
დღის მეორე ნახევარში რეკომენდებულია ისეთი სასმელების მიღება, როგორიცაა სმუზი, რძის და პროტეინების კოქტეილები და ცხელი შოკოლადი. ორგანიზმის მიერ ინსულინის გამომუშავება, როგორც წესი, დღის მეორე ნახევარშია ყველაზე აქტიური, კერძოდ კი 16:00-დან 18:00 საათებში. ამ პერიოდში შედარებით ტკბილი სასმელის მიღება - მაგალითად, ხილის სმუზი, ცხელი შოკოლადი - არც წონაზე აისახება უარყოფითად და საკვების მიღების კარგ ალტერნატივადაც ჩაითვლება. ცხელი შოკოლადი, სასიამოვნო გემოს გარდა, დაძაბულობის მოხსნაში და კონცენტრაციის გაძლიერებაში გვეხმარება.