წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

რა კავშირი აქვს ძილს სხეულის წონასთან

ბლოგი:
ივლისი 03, 2014
ავტორი Anika
რამდენი თქვენგანი ახერხებს დღე-ღამის განმავლობაში რვასაათიანი ძილის რეჟიმის დაცვას? უფრო სწორი იქნებოდა მეკითხა, ალბათ, რამდენ თქვენგანს აქვს საკმარისად გამოძინების ფუფუნება-თქო, ვინაიდან ძილის რეჟიმის დაცვა, დღევანდელი ცხოვრების რიტმის გათვალისწინებით, ნამდვილად ფუფუნების საგნად იქცა. ასე, რომ თუ თქვენ 8-9 საათიანი ძილის რეჟიმის უპირობო დამცველი ხართ, გილოცავთ, ვინაიდან საკუთარი ორგანიზმისთვის და ჯანმრთელობისთვის დიდ საქმეს აკეთებთ. ეს ყველაფერი კი, სხვა სიკეთეებთან ერთად, წონის შენარჩუნებაში და მატების პრევენციაშიც გეხმარებათ. იცოდით, კვირის განმავლობაში 2-3 საათით ნაკლები თუ გძინავთ - ანუ გამოუძინარი ხართ - მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკი რომ მატულობს? მე არ მომიგონია, მეცნიერულად დადასტურებული დაკვირვებაა. ამას გარდა, ძილის რეჟიმის სისტემატური დარღვევით შესაძლოა მოიმატოს გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების განვითარების რისკმა, დასუსტდეს იმუნური სისტემა და შენელდეს ნივთიერებათა ცვლა.

აბა გაიხსენეთ, ღამის საათებში, სუსნაობის სურვილი რომ მოგეძალებათ, გული ყველაზე მეტად რა ტიპის საკვებისკენ მიგიწევთ? ცხიმებით და ნახშირწყლებით გაჯარებულისკენ არა? - ესეც მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია და ფიზიოლოგიის კანონი, რომელსაც სამწუხაროდ ვერაფერს მოვუხერხებთ გარდა იმისა, რომ სანამ "სუსნაობის ზარი" ჩამოკრავს, ლოგინში მოვკალათდეთ და ტკბილ ძილს მივეცეთ. მთავარია, გვახსოვდეს, რომ 00:00-დან 03:00 საათამდე პერიოდში ორგანიზმი ყველაზე დიდი რაოდენობით გამოიმუშავებს ე.წ. ახალგაზრდობის ჰორმონს - სომატოტროპინს, ამიტომაც ამ დროს ძილი აუცილებელია!

თუ თქვენ "ბუს" რეჟიმის მოყვარული ხართ და საღამოს და ღამის საათებში თავს გაცილებით პროდუქტიულად გრძნობთ, ასეთ შემთხვევაში დღის საათებში უნდა მოახერხოთ იმ საათების ანაზღაურება, რასაც ღამით ვერ გამოიძინებთ. თუ ეს არარეალური პერსპექტივაა, მაშინ საკუთარი ორგანიზმი ნელ-ნელა უნდა შეაჩვიოთ დროულად დაძინებას. ამისათვის, კი დამატებით დამხმარე საშუალებებიც არსებობს: დაძინებამდე საძინებელი ოთახი კარგად გაანიავეთ; მიიღეთ თბილი აბაზანა ზღვის მარილით - ეს მოდუნებაში დაგეხმარებათ; წაიკითხეთ სასიამოვნო წიგნი; იფიქრეთ მხოლოდ დადებითზე, არავითარი ნეგატივი. ძილის წინ იოგას შესაბამისი ასანებიც დაგეხმარებათ მარტივად ჩაძინებაში და ყველაზე გამოცდილი მეთოდი - ერთი ჭიქა თბილი რძე, რომელიც ტრიპტოფანს შეიცავს და იდეალურია რელაქსაციისთვის.

ლამაზ სიზმრებს გისურვებთ!

ანიკა


მსგავსი ბლოგები