წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

რა სარგებლობა მოაქვს კომბოსტოს წვენს

ბლოგი:
თებერვალი 24, 2014
ავტორი Anika
ხილის და ბოსტნეულის ახლადგამოწურული წვენები რომ სასარგებლოა, ამით სიახლეს ვერაფერს გეტყვით.  ვერც იმის თქმით გაგაკვირვებთ, რომ ბოსტნეულის წვენი ორგანიზმს აუცილებელი ნივთიერებებით და ელემენტებით ამარაგებს - ესეც ბევრმა თქვენგანმა იცის. თუმცა, შესაძლოა არ იცოდეთ კომბოსტოს სასარგებლო თვისებების შესახებ, რაზეც დღევანდელ პოსტში მინდა გესაუბროთ.

ახლადგამოწურული კომბოსტოს წვენი В, С, PP, D, К ჯგუფის ვიტამინებით არის მდიდარი. გარდა ამისა, მისი წყალობით ორგანიზმს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისეთი მინერალური ელემენტები მიეწოდება, როგორიცაა ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი, ქლორი, რკინა, გოგირდი, აზოტი, იოდი, მაგნიუმი.

კომბოსტოში შემავალი გოგირდი და იოდი კუჭის და ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაწმენდას უწყობენ ხელს, ხოლო იშვიათი ვიტამინი U გასტრიტის სამკურნალო ეფექტურ საშუალებად ითვლება. კომბოსტოს წვენს რეკომენდაციას უწევენ გულსისხლძარღვოვანი დაავადებების დროს, ის ხელს უწყობს არტერიული წნევის და სისხლში მავნე ქოლესტერინის მაჩვენებლის დაბლა დაწევას. ამასთან, კომბოსტოს წვენი ეფექტურია სისხლში შაქრის დონის დასარეგულირებლადაც.

ახლა კომბოსტოს დიეტურ შესაძლებლობებს რაც შეეხება - მასში შემავალი ადვილადათვისებადი ნივთიერებების და დაბალი კალორიულობის გამო (სულ რაღაც 28 კილოკალორია!) კომბოსტოს წვენი ძალიან სასარგებლოა ჭარბწონიანებისათვის. კომბოსტოში შემავალი ტარტონის მჟავა ხელს უშლის ნახშირწყლების ცხიმებად გარდაქმნას. ამ ყველაფერთან ერთად, კომბოსტოს წვენის მეშვეობით თქვენ სახის კანის, ფრჩხილების და თმის მდგომარეობის გაუმჯობესებასაც შეძლებთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ მხოლოდ სახლის პირობებში გამოწურულ კომბოსტოს წვენზე ვსაუბრობთ!

რა უნდა გვახსოვდეს კომბოსტოს გამოყენებისას - ეს ბოსტნეული ზომიერი რაოდენობით მივიღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მან შესაძლოა კუჭის და ნაწლავების წყლულის ან სხვა მწვავე ანთებების გამწვავება გამოიწვიოს. თუ თქვენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების მწვავე ქრონიკული დაავადება გაწუხებთ, ასეთ შემთხვევაში, კომბოსტოს წვენი თქვენ სარგებელს კი არა, მხოლოდ ზიანს მოგიტანთ. გარდა ამისა, კომბოსტოს წვენი მიღება არ არის რეკომენდირებული კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების დროსაც. და ბოლოს - ეს წვენი უკუნაჩვენებია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები