ბლოგი:
მაისი 14, 2014
ავტორი Anika
ანიკას ბლოგის მკითხველებიდან რამდენი ხართ იოგას მიმდევარი? და რა დროს იკავებს იოგა თქვენს ყოველდღიურობაში? დაგეთანხმებით, სტრესული გრაფიკის პირობებში, ძნელია ყოველდღიურად დრო გამოძებნო ფიზიკური აქტივობებისთვის, მაგრამ ის რაზეც დღევანდელ პოსტში ვისაუბრებთ, მხოლოდ რამდენიმე წუთს წაგართმევთ დღის განმავლობაში და ძალიან დიდ სარგებელს მოგიტანთ. მოკლედ, დღეს იოგას ასანებს (პოზებს) შორის მეფედ წოდებულ თავზედგომის - იგივე შირშასანა - ასანას შესახებ მოგიყვებით.
1. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო იმის აღმოჩენა, რომ მიზიდულობის დინების შეტრიალებისას, თავზედგომის ასანას ერთგვარი სახის კანის ლიფტინგის ფუნქცია აქვს - მისი მეშვეობით სახის კანი საპირისპირო მიმართულებას იღებს. ამასთან, ამ შეტრიალებული დგომის შედეგად სახეს ინტენსიურად მიეწოდება ახალი "საკვები" და ჟანგბადი, რის შედეგადაც კანი მბზინვარე ხდება.
2. სახის გარდა, თავზედგომის დროს, საკვები ნივთიერებები და სისხლი ჭარბად მიეწოდება ასევე სკალპსაც, რაც ჭაღარა თმის ზრდას ანელებს. ყველაზე ოპტიმისტურად და პოზიტიურად განწყობილი იგები იმასაც ამბობენ, რომ მის შედეგად ჭაღარა თმა ისევ ბუნებრივ ფერს იბრუნებსო!
3. თავზედგომის დროს, განახლებული სისხლი მიეწოდება ჰიპოთალამუსსა და ჰიპოფიზს - ორივე მათგანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ზოგადი ჯანმრთელობის და გუნება-განწყობის გამომუშავებაში და ყველაზე მნიშვნელოვან ჯირკვლებად ითვლებიან ადამიანის ორგანიზმში.
4. ვინაიდან თავზე დრომისას თირკმელზედა ჯირკლის დეტოქსიკაცია ხდება, ეს ყოველივე პოზიტიური ფიქრებისკენ და შესაბამისად, დადებითი განწყობისაკენ გვიბიძგებს.
5. თავზე დგომისას ორგანიზმში ზოგადად სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება. ვინაიდან გული მუდმივად აწვდის სისხლს ტვინს ზედა მიმართულებით თავზედგომისას გული ერთგვარ მოსვენებულ და მოდუნებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
6. თუ თქვენ ფეხების შეშუპება გაწუხებთ, მაშინ თავზე დგომა იდეალური ასანაა თქვენთვის - ამ დროს ფეხებში დაგროვილი სითხის ჩამოდინება ხდება და შესაბამისად, მცირდება ვარიკოზული სისხლძარღვების დატვირთვა.
7. თავზე დგომის ასანა აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას: მიზიდულობის დინების შეცვლის გამო, ნაწლავები კარგად იწმინდება და ხდება ნაწლავებში დაგროვილი ჭარბი სისხლის გამოდევნა.
8. თავზე დგომისას ვავარჯიშებთ ღრმად მდებარე მუცლის კუნთებს.
9. თუ თქვენ სისტემატურად მიმართავთ თავზედგომის ასანას, ამით იშემიური ინსულტის განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებთ, რასაც ამ მიმართულებით ჩატარებული სამეცნიერო კვლევები ადასტურებენ. ასე რომ არ დაიზაროთ და მიეძალეთ შირშასანას, მხოლოდ არ დაგავიწყდეთ, რომ გაიაროთ სათანადო კონსულტაცია გამოცდილ იოგთან და "ყირაზე გადახვლა" მხოლოდ ამის შემდეგ დააპიროთ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა