უაითლის თქმით, მას დაახლოებით 6 თვე დასჭირდა ძველი ფორმების დასაბრუნებლად. როგორც თავად ამბობს, დედა აერობიკის ინსტრუქტორი იყო, ამდენად, ფიზიკური აქტივობები მისთვის ბავშვობიდან ბუნებრივი მოცემულობაა და სადაც არ უნდა იყოს, ყოველთვის ახერხებს ფიტნესისთვის დროის გამონახვას.
უაითლის ფავორიტი ფიზიკური აქტივობები იოგას და პილატესს უკავშირდება: "კვირაში 5 დღე სავალდებულო წესით ვვარჯიშობ. ამას გარდა, ძალიან მომწონს ცეკვის ის სახეობები, სადაც აერობიკის ელემენტებია: ასეთი ცეკვები ძალიან ეფექტიანია, არანაკლებ ეფექტიანი ვიდრე კარდიოდატვირთვები და წონაში დაკლების პროცესს ამარტივებს".
სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოებს შორის, მოდელი მუცლის პრესის ვარჯიშებს (ე.წ. crunches, რომელიც დაწოლილი მდგომარეობიდან ზედატანის წამოწევას და შემდეგ ისევ საწყის პოზიციაში დაბრუნებას გულისხმობს) , დიაგონალზე შესრულებულ crunch სავარჯიშოებს (როდესაც დაწოლილ მდგომარეობაში ვართ, ხელები თავის ქვეშ გვიდევს და მოხრილი გვაქვს, წამოვიწევით და მარჯვენა იდაყვით მარცხენა ფეხის მუხლს შევეხებით) და ტრიცეპსის ვარჯიშებს, როგორც გამორჩეულად ეფექტიან ვარჯიშებს ასახელებს. მისი თქმით, ასეთი ვარჯიშები სხეულს თითქოს სიგრძეში წელავს, კუნთებს ლამაზად აგრძელებს. უაითლი თითო სავარჯიშოს 20-30 გამეორებად ასრულებს, ვარჯიშის დღეებში კი დიდი ოდენობით წყალს სვამს - 3 ლიტრამდე დღის განმავლობაში, ვინაიდან ეს ორგანიზმიდან შლაკების გამოდევნას და წონის კლებას უწყობს ხელს.
რაც შეეხება კვებით ნაწილს, მოდელს ამ მხრივაც რეჟიმის დაცვა დასჭირდა: რამდენიმე თვის განმავლობაში საკვები რაციონიდან ამოიღო რძის პროდუქტები, ალკოჰოლი, შაქარი და გლუტენის შემცველი პროდუქტები. აღიარებს, რომ ეს მარტივი არ იყო, თუმცა, სამაგიეროდ წონაში კლების და სასურველი ფორმების დაბრუნების გარდა, ის თავს გაცილებით ჯანსაღად და მხნედ გრძნობდა.
საუზმეზე ხშირ შემთხვევაში მიირთმევს ომლეტს და ხილის სმუზის, დღის განმავლობაში კი უპირატესობას ქათმის და თევზის კერძებს ანიჭებს, შესაბამისი ბოსტნეულის გარნირით.