წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

როგორ გამოვიყენოთ გოგრა თავის მოვლის პროცედურებში

ბლოგი:
სექტემბერი 22, 2015
ავტორი Anika
ადრეც მიხსენებია, მგონი, რომ ჩემთვის შემოდგომა გოგრის გამოჩენასთან ერთად მოდის-თქო: ძალიან მიყვარს და შეძლებისდაგვარად ხშირად ვყიდულობ ხოლმე. რას სჯობს შეგრილებულ საღამოს არომატული გოგრის მირთმევას, ზემოდან სულ ოდნავ თაფლს თუ მოასხამ და დარიჩინს მოაყრი - უგემრიელესია! თუმცა, ენზიმებით, ალფაჰიდროქსი მჟავებით, A და C ვიტამინებით და თუთიით მდიდარი გოგრა გასტრონომიული სარგებლის გარდა, კოსმეტიკური თვისებებითაც გამოირჩევა: ენზიმები და ალფაჰიდროქსიმჟავები აღიავებენ და ასწორებენ კანს, ვიტამინები კი თავისუფალი რადიკალების ზიანისგან იცავენ უჯრედებს და ხელს უწყობენ კოლაგენის გამომუშავებას. თუთია თავის მხრივ, ეფექტურია აკნეს პრევენცია-მოცილებაში: ის ცხიმის გამომუშავებას არეგულირებს.

მისი არაჩვეულებრივი თვისებების გამო, გოგრა, უპირველეს ყოვლისა, სახის ნიღბებში შეგვიძლია გამოვიყენოთ. ავიღებთ 50 გრ. დაბლენდერებულ გოგრას, დავამატებთ ნახევარ ჩაის კოვზ კურკუმას (კურკუმას სუნელი იგივე turmeric სუნელების განყოფილებაში იყიდება სუპერმარკეტებში) და 1 ჩაის კოვზ თაფლს, კარგად ავურევთ და თხელ ფენად გადავისვამთ სახეზე. 5 წუთის შემდეგ ჩამოვიბანთ ნელთბილი წყლით. კურკუმა კანის ფერის გაღიავებაში და აკნესთან დაკავშირებული ანთებითი ფონის ჩაცხრობაში გვეხმარება,  თაფლი კი კარგად ატენიანებს კანს.

slide-2

სახისთვის ეფექტური სქრაბის მოსამზადებლად 50 გრ. დაბლენდერებული გოგრა, 1 სუფრის კოვზი დაფქული სელის თესლი, 50 გრ. კოსმეტიკური თიხა და 50 მლგ. გვირილის ჩაი კარგად ავურიოთ ერთმანეთში და სქლად გადავისვათ სახეზე. გავიჩეროთ ზუსტად  1 წუთი, შემდეგ წრიული მოძრაობების, მასაჟის სახით შევიზილოთ კანში და ნელთბილი წყლით ჩამოვიბანოთ. საიდუმლო ინგრედიენტი ამ ნიღაბში დაფქული სელის თესლია, რომელიც გოგრის ფერმენტების მიერ კანიდან გამოტანილ მკვდარ უჯრედებს სწრაფადვე აშორებს კანიდან.

დაბლენდერებული გოგრის მეშვეობით ასევე შეგვიძლია ტანის სქრაბის დამზადებაც, რისთვისაც 250 გრ. დაბლენდერებული გოგრა, 50 მლგ.  ჟოჟობას ზეთი (ზეითუნიც შეგიძლიათ), 50 გრ. დაფქული ყავის მარცვლები და 50 გრ. ჰიმალაის მარილი დაგვჭირდება. ამ ყველაფერს კარგად ავურევთ და შხაპის მიღების დროს სქრაბის სახით ტანზე გამოვიყენებთ.

თმის და თავის კანის დასატენიანებლად და გასაჯანსაღებლად გოგრისგა შემდეგნაირი ნიღაბი მზადდება: 1 სუფრის კოვზი გოგრის თესლის ზეთი, 70 გრ. ქოქოსის და ჟოჟობას ზეთები, 5-5 წვეთი ევკალიპტის, პიტნის და ლავანდის ეთერზეთები ავურიოთ. ნიღაბი შეგვიძლია წავისვათ როგორც თმის ღერებზე, ასევე თავის კანზეც: ქოქოსი, ევკალიპტი და ლავანდა თმის ცვენის პრევენციისთვისაა, ხოლო ჟოჟობას ზეთი კანს და თმას კარგად ატენიანებს. ნიღაბს რამდენიმე წუთი გავიჩერებთ და შემდეგ ჩამოვიბანთ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები