წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

როგორ მივირთვათ ჩიას მარცვლები

ბლოგი:
დეკემბერი 14, 2016
ავტორი Anika
გახსოვთ, რატომ მივირთმევთ ჩიას მარცვლებს და თუ ჯერ არ დაგვიწყია, რატომ უნდა შევიტანოთ ის ჩვენს საკვებ რაციონში? ეს ციცქნა მარცვლები ერთ-ერთი უძლიერესი ანტიოქსიდანტია და მდიდარია ცილებით, კალციუმით და ომეგა-3 ცხიმ-მჟავებით. თუმცა, ამ ჯადოსნური მარცვლებისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ მივიღოთ ის.

ჩიას გამოცდილი მომხმარებლები, მირთმევამდე მის წყალში დალბობას გვირჩევენ. წყალში ყოფნის შემდეგ მარცვლები ჟელატინის მაგვარ გარსს იკეთებენ და შედეგად გაცილებით მარტივად და უსაფრთხოდ გადაადგილდებიან საჭმლის მომნელებელ სისტემაში. ამას გარდა, თუ ჩიას მარცვლებს დავფქვავთ, ასე  ომეგა-3 ცხიმმჟავები გაცილებით მარტივად მიაღწევენ სისხლის მიმოქცევამდე.

ჩიას მარცვლებს ხშირად ხელუხლებელი სახითაც იყენებენ, ყოველგვარი დალბობის და დაფქვის გარეშე, თუმცა როგორც მეცნიერული კვლევები აჩვენებს, ასეთ შემთხვევაში სარგებელი ნაკლებია. რა სახით შეგვიძლია მივიღოთ ეს მარცვლები? მოდით დღევანდელ პოსტში რამდენიმე მარტივ რეცეპტს გაგიზიარებთ.

1. ჩიას მარცვლების პუდინგი - 1/4 ჭიქა ჩიას მარცვლებს ვამატებთ ერთ ჭიქა ქოქოსის რძეს (მე ჩვეულებრივი ნაკლებცხიმიანი რძე გამოვიყენე) და ნახევარ ან ერთ კოვზ ნატურალურ თაფლს და შუშის თასით შევდგამთ მაცივარში მთელი ღამით. დილით გამოვიღებთ - პუდინგი შესქელებული უნდა იყოს, მარცვლები კი ჟელეს კონსისტენციის. მოაყარეთ სასურველი ხილის ნაჭრები, ნუში, ნიგოზი და მიირთვით.

2. ჩიას მარცვლებით და კენკრით შეგვიძლია C ვიტამინით, უჯრედისით და ანტიოქსიდანტებით მდიდარი ფრიად სასარგებლო დილის სმუზი მოვამზადოთ. ამისთვის დაგვჭირდება 2 სუფრის კოვზი ჩიას მარცვლები, 120-130 გრამი მოცვი, ოდნავ ვანილი, 1 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი, მწიკვი დარიჩინი და ნატურალური თაფლი. ამ ყველაფერს ბლენდერში ვათავსებთ, ვაბლენდერებთ და სასმელი მზადაა. ეს სასმელი 4 დღემდე შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ.

3. ყველაზე მარტივი გამოყენება: ჩიას მარცვლებს ვაყრით ხილის ნაჭრებს, ვასხამთ მაწონს ან იოგურტს და ოდნავ თაფლს გემოვნების მიხედვით. სულ ესაა.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები