წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

როგორ მოვუაროთ ცხიმიან თმას

ბლოგი:
აპრილი 28, 2014
ავტორი Anika
ცხიმიანი თმის მფლობელები დამეთანხმებიან, რომ ასეთი თმის მოვლა არც თუ ისე მარტივი საქმეა. ცხიმიანი თმის მქონე მეგობრებისგან არაერთხელ მსმენია, თუ რამდენად დამღლელია, როდესაც ახლად დაბანილი თმა მეორე დღეს უკვე დასაბანია და არც ვარცხნილობა ძლებს ერთ დღეზე მეტ ხანს. ასეთი თმისთვის მოცულობაც დრეობითი ცნებაა და ძალიან მცირე ხანს ძლებს. მოკლედ, ცხიმიან თმას თავისებური მოვლა სჭირდება, რაზეც დღევანდელ პოსტში გესაუბრებით.

ამ თემაზე ინტერნეტში ცოტა რამ წავიკითხე და გავარკვიე, რომ თურმე თმის ცხიმიანობას არა თმის ღერი, არამედ თავის კანის მდგომარეობა განაპირობებს. თანაც ცხიმისთვის დამახასიათებელი ყოფილა საკმაოდ სწრაფად და მარტივად თხელი ფენის ფორმირება, რომელიც თმის ღერის მთელ სიგრძეზე ნაწილდება. ამის შედეგად, გაცხიმოვნებულ და ნაკლებად სასიამოვნო შესახედ თმას ვიღებთ, მიხვდებით ალბათ. თუმცა, ცხიმიანი თმის მფლობელებს გაგახარებთ და გეტყვით, რომ სხვა ტიპის თმასთან შედარებით, სწორედ თქვენი თმა არის ყველაზე მეტად დაცული გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედებისგან.

რას გვირჩევენ სპეციალისტები ცხიმიანი თმის დაბანასთან დაკავშირებით - თმა უნდა დაიბანოთ რეგულარულად, მაგრამ არა ყოველდღიურად და თმის დასაბანად უნდა გამოიყენოთ კონკრეტულად ცხიმიანი თმისთვის განკუთვნილი თავის მოვლის საშუალებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუსაბამო შამპუნი მხოლოდ კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ცხიმის გამოყოფას.

თმის ცხიმიანობა შესაძლოა ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირების დარღვევებით იყოს გამოწვეული, ამიტომაც, სპეციალისტები გვირჩევენ, შესაბამისი კონსულტაციის გავლას ენდოკრინოლოგთან. ამას გარდა,  ცხიმიანი თმა შესაძლოა მემკვიდრეობითიც იყოს, რაც თქვენი მხრიდან  მხოლოდ შესაბამის მოვლას მოითხოვს.

ცხიმიანი თმისთვის განკუთვნილი შამპუნის გარდა, სპეციალისტები, თმის დაბანამდე, ცხიმიანობის შემამცირებელი საშუალებების - სტაფილოს ან ალოეს წვენის თმის ძირებში შეზელას გვირჩევენ. თმის დაბანას რომ დაიწყებთ, შამპუნი პირველ რიგში, თმის ძირებში წაისვით,  თითების ბალიშებით მასაჟის მოძრაობები შეასრულეთ და შემდეგ ჩამოიბანეთ.  არ არის რეკომენდირებული შამპუნის დამატებით თმის სიგრძეზე გადასმა - ჩამობანის პროცესში თმაზე მოხვედრილი შამპუნიანი წყალი სრულიად საკმარისია.

თმაზე გადასავლებად ცხიმიანი თმისთვის ძალიან მარტივი საშუალებები არსებობს, მაგალითად, ღია ფერის თმას მოუხდება ლიმონის წვენში არეული გვირილას ნაყენი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: 2 ლიტრ გვირილას ნახარშს დასჭირდება 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი. ხოლო მუქი ფერის თმისთვის რეკომენდირებულია ანადუღარი წყლისთვის ძმრის დამატება და მისი გადავლება.

და ბოლოს, ერთი ეფექტიანი ნიღბის მომზადების წესსაც გაგიზიარებთ, რომელიც თქვენი თმის ცხიმიანობას მოუხდება: 2 სუფრის კოვზ თაფლს ვუმატებთ ერთი კვერცხის გულს, თმის ძირებში ვისვამთ, ვიტოვებთ 10-12 წუთით და თბილი წყლით კარგად ჩამოვიბანთ.

მომდევნო პოსტამდე.

ანიკა























მსგავსი ბლოგები