წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

როგორ შევინარჩუნოთ წყლის ბალანსი ორგანიზმში

ბლოგი:
მაისი 18, 2014
ავტორი Anika
დაიწყო სიცხეები და წყალის სმის სეზონი! - 2 დღის წინ ამაყად განაცხადა ჩემმა თანამშრომელმა. გამეღიმა და მომდევნო რამდენიმე წუთი მისთვის იმის ახსნაში გავატარე, რომ წყლის დალევას სეზონი არ გააჩნია; რომ "საშუალო სტატისტიკური ადამიანი" დღე-ღამის განმავლობაში 8 ჭიქა წყალს უნდა იღებდეს; და რომ ზაფხულის და ცხელი ამინდების პერიოდში, ეს რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება. არ ვიცი რამდენად გაითვალისწინებს ჩემს რჩევებს ჩემი თანამშრომელი, მაგრამ ანიკას ბლოგის მკითხველებს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ არ დაიზარონ და არ დაარღვიონ 8-ჭიქა-წყლის-ოქროს-წესი. ეს მოწოდება გასულ წელს მსხვილ კამპანიად აქცია ამერიკის პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ და Drink Up კამპანიის მეშვეობით, ამერიკელებს დღის განმავლობაში მეტი წყლის მიღებისკენ და ამით ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისკენ მოუწოდა. ასე რომ ანიკას თუ დაუჯერებთ, ქალბატონ ობამას მაინც დაეჯერება.

თუ თქვენ ფიზიკურად აქტიურები ხართ და ვარჯიშობთ, მაშინ კიდევ უფრო მეტი რაოდენობით დაგჭირდებათ წყლის მიღება. ზოგი თქვენგანი წაიკითხავს და გაიფიქრებს, "მართალია, უნდა დავლიო, მაგრამ მავიწყდება და ვერაფერს ვუხერხებო", არადა არც თუ ისე ძნელია ეს წესი ჩვეულებად აქციოთ ისე, რომ თან ისიამოვნოთ და თანაც იდეალური წყლის ბალანსიც შეინარჩუნოთ.

დღევანდელ პოსტში ანიკას ბლოგის მკითხველებს რამდენიმე სასარგებლო რჩევას გაგიზიარებთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გავიმარტივოთ დღის განმავლობაში ამ "ოქროს წესის" დაცვა.

ყველაზე მარტივი ხერხი ამ მხრივ, დღის ჭიქა წყლით დაწყებაა. უზმოზე ვიდრე მოწესრიგდებით და ისაუზმებთ, დალიეთ პირველი ჭიქა, ხოლო ვიდრე სახლიდან გახვალთ და დილის რიტუალებს დაასრულებთ, მეორე ჭიქის მიღებასაც მოასწრებთ. ამგავარად, სამსახურში მისულს დღის ნორმის 1/4 უკვე შესრულებული გექნებათ.

წყლის მიღება შეგიძლიათ უფრო სასიამოვნო პროცესად  აქციოთ, თუ მას გემოს შემატებთ. ბუნებრივ გემოს ვგულისხმობ, თქვენი საყვარელი ხილის მეშვეობით, რომლის წვენიც მცირე რაოდენობით შეგიძლიათ დაუმატოთ წყალს და თქვენთვის სასურველი არომატი მისცეთ.

ამას გარდა, შეგიძლიათ წყლის დალევა კიდევ უფრო საინტერესო გახადოთ ლამაზი ჭურჭლის შეძენით - ბოთლს ან სპეციალურ თერმოს ჭიქას ვგულისხმობ, თქვენთვის მიმზიდველი დიზაინისას, საიდანაც წყლის დალევა ესთეტურად სასიამოვნო რიტუალიც იქნება.

იმედი მაქვს, ეს რჩევები ოდნავ მაინც წაგეშველებათ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა


მსგავსი ბლოგები