წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

საკვები თქვენი თმისთვის

ბლოგი:
დეკემბერი 19, 2013
ავტორი Anika
ჩვენს მიერ მიღებული საკვები როგორ აისახება კანის მდგომარეობაზე, ამაზე ანიკას ბლოგში არაერთხელ გვისაუბრია. იმ პროდუქტების ჩამონათვალიც გაგიზიარეთ, რომელიც ჯანმრთელ კანს ესაჭიროება. დღეს ისევ საკვებ პროდუქტებზე მოგიყვებით, მხოლოდ ისეთებზე, რომლებიც თმის სიჯანსაღისთვის გვჭირდება.

ორაგული -  როცა საქმე თმის ბოჭკოებს ეხება, გადამწყვეტ როლს ცილები თამაშობენ. ამ მხრივ კი საუკეთესო ორაგულია, რომელიც ცილასაც დიდი რაოდენობით შეიცავს და მასთან ერთად, მდიდარია ომეგა-3 ცხიმმჟავებით და D ვიტამინით - ეს უკანასკნელი დადებითად აისახება თავის კანის მდგომარეობაზე. ორაგულის გარდა, რეკომენდირებულია სარდინები და კალმახი.

ფრინველის ხორცი - ესეც ცილების ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა, რომელიც დამატებით ცინკს, რკინას და B12 ვიტამინს შეიცავს. ეს ყველაფერი ერთად კი თმის ჯანმრთელ ზრდასაც უწყობს ხელს და ცვენის კარგი პრევენციაცაა.

food-hair-05

ოსპი - ვეგეტარიანელებისთვის და მათთვის, ვინც მარხულობს, ცილების მიღების საუკეთესო მცენარეული ალტერნატივაა ოსპი, რომელიც ფრინველის ხორცის მსგავსად, რკინას, ცინკს და ბიოტინს შეიცავს დიდი ოდენობით.

food-hair-06

კვერცხი - გემრიელად მომზადებული ომლეტი სასიამოვნოდაც დაგანაყრებთ და თქვენს ორგანიზმს საჭირო რაოდენობის ცილებით, რკინით და სხვა მინერალებით მოამარაგებს. რკინა კი, არ დაგავიწყდეთ, უმნიშვნელოვანესია თმის ცვენის თავიდან ასარიდებლად.

food-hair-07

ტკბილი კარტოფილი - ვისაც არ გაგისინჯავთ, გეტყვით, რომ ჩვეულებრივი კარტოფილისგან იმით განსხვავდება, რომ გაცილებით ტკბილი გემო აქვს. თუმცა, ამ სიკეთესთან ერთად, ეს ბოსტნეული საოცრად მდიდარია ბეტა-კაროტინით, რომელსაც შემდეგ თქვენი ორგანიზმი A ვიტამინად აქცევს. თავის მხრივ A ვიტამინი კი თმის ჯანმრთელობას უჯრედების დონეზე უზრუნველყოფს. ბეტა-კაროტინის კიდევ ერთი კარგი წყარო სტაფილო და გარგარია.

food-hair-11

ისპანახი - ბოსტნეულების კატეგორიაში ერთ-ერთი მოწინავე ისნაპახია, მასში შემავალი რკინის, ბეტა-კაროტინის, C ვიტამინის და ფოლიუმის მჟავის გამო. ერთი რჩევა ანიკასგან: ზამთრის სეზონზე ისპანახის მიღების საყვარელი ალტერნატივა ისპანახის კრემ-სუპია - სცადეთ თქვენც! თუ ისპანახი მოგბეზრდათ ან საერთოდაც ვერ შეიყვარეთ, მაშინ მის ნაცვლად სალათის მწვანე ფოთლები ან ბროკოლი სცადეთ.

food-hair-10

მოცვი - როცა საქმე ანტიოქსიდანტებს ეხება, პირველი გონებაში აუცილებლად მოცვი მოგივათ - ის ხომ ჩემპიონია ანტიოქსიდანტების და C ვიტამინის შემცველობით.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები