წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

სამდღიანი დეტოქსიკაცია "მძიმე" დღეების შემდეგ

ბლოგი:
იანვარი 03, 2015
ავტორი Anika
მოგესალმებით პირველად ამ ახალ 2015 წელს და ულევ სიხარულს, დადებით ემოციებს, სილამაზეს და უამრავ საინტერესო სიახლეს გისურვებთ! განვლილმა დღეებმა ალბათ ბევრი ჩვენგანისთვის არც თუ ისე "მსუბუქად" ჩაიარა, რისი შედეგებიც ყველაზე მწარედ დილით სასწორზე დადგომისას შეიგრძნობა. აბა, გამოტყდით, რამდენ თქვენგანს დაეუფლა ეს სიმწარენარევი შეგრძნება?! ამის შემდეგ, როგორც წესი, იმაზე იწყებ ფიქრს, თუ რა ზომებს მიმართო დაუყოვნებლივ, ამ არასასურველი შედეგების გასანეიტრალებლად და ისევ ძველ ნიშნულზე დასაბურნებლად. დღეს მე ერთ საკმაოდ პოპულარულ სამდღიან დეტოქსიკაციის გეგმას გაგაცნობთ, რომელიც თავად ორჯერ მაქვს გაკეთებული და ძალიან კმაყოფილი ვიყავი შედეგებით. დეტოქსიკაციის შედეგად არამარტო 2-3 ზედმეტი კილოგრამისგან გათავისუფლდებით, არამედ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ორგანიზმს მაქსიმალურად გაწმენდთ დაგროვილი ტოქსინებისგან, საოცარი სიმსუბუქის შეგრძნება დაგეუფლებათ და თქვენი კანიც მადლობას გადაგიხდით ამ სამდღიანი გმირობისთვის.

მოკლედ, რა გჭირდებათ რომ მოიმარაგოთ:

375 გრ. ჟოლო;

375 გრ. მოცვი;

2  მანგო;

1 ანანასი;

2 მწვანე ვაშლი;

3 ბანანი;

6 ლიმონი;

2 ლაიმი;

420 გრ. ხვეული კომბოსტო (ვინაიდან ეს კონკრეტული სახეობა თბილისში ვერ ვიშობე, მე ჩვეულებრივ სალათის ფოთოლს ვიყენებდი);

1 ავოკადო;

3 კიტრი;

30 გრამი ისპანახი;

12 ღერი ნიახური;

2 ლიტრი ქოქოსის წყალი (თითო ქოქოსი დაახლოებით 150-200 მლ. წყალს შეიცავს);

1.5 ჭიქა ნუშის რძე;

კაიენის წიწაკა (Cayenne pepper) - მე ამაზონიდან გამოვწერე ფხვნილის სახით

6 სუფრის კოვზი დაფქული სელის თესლი;

3 სუფრის კოვზი ნუშის კარაქი (ასევე გამოვწერე, ვინაიდან თბილისში ვერ ვიშოვე);

3 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი ("სმარტის" სუპერმარკეტის ვაკის ფილიალში ვიყიდე);

მწვანე ჩაი;

ლავანდის ზეთის წვეთები;

ეპსომის მარილი, რომელიც შეგიძლიათ ონლაინ გამოიწეროთ ან ალტერნატივად ზღვის მარილი გამოიყენოთ.

ამას გარდა, დაგჭრიდებათ, რომელიმე მულტივიტამინი, ომეგა-3 და პრობიოტიკი - ეს ყველაფერი ექიმთან შეათანახმეთ და ისე მიიღეთ.

სამი დღის რეჟიმი ასე გამოიყურება:

დილით, უზმოდ, ერთი ფინჯანი მწვანე ჩაი ერთ ნაჭერ ლიმონთან ერთად;

საუზმის სმუზი: ბლენდერში ვათავსებთ ერთ ჭიქა წყალს, 1 ს.კ. სელის მარცვლებს, 125 გრ. ჟოლოს, ერთ ბანანს, დაახლოებით 13 გრ. ისპანახს, 1 ს.კ. ნუშის კარაქს და 2 ს.კ. ლიმნის წვენს, კარგად დავაბლენდერებთ და საუზმეც მზადაა. ამის შემდეგ მივიღებთ 1/2 ტაბლეტ მულტივიტამინს და ერთ ტაბლეტ/კაფსულა პრობიოტიკს.

ლანჩის სმუზი: 4 ღერი ნიახური, 1 კიტრი, 70 გრ. ხვეული კომბოსტო ან სალათის ფოთოლი, 1/2 მწვანე ვაშლი, 1/2 ლაიმის წვენი, 1 ს.კ. ქოქოსის ზეთი, ნახევარი ჭიქა ნუშის რძე და ანანასის 1/3 - ამ ყველაფერს დავაბლენდერებთ და ლანჩიც მზადაა. ამის შემდეგ მივიღებთ 1/2 მულტივიტამინს და ომეგა-3 პრეპარატს.

სადილამდე გაქვთ ერთი წახემსების უფლება, სადაც თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო და სასურველ სმუზს აირჩევთ: საუზმის, ლანჩის ან სადილის სმუზი და იმას დალევთ.

და ბოლოს სადილის სმუზი: 1/2 მანგო, 125 გრ. მოცვი, 11/2 ჭიქა ქოქოსის წყალი, 70 გრ. ხვეული კომბოსტო ან სალათის ფოთოლი, 1 ს.კ. ლიმნის წვენი, 1/4 ავოკადო, 1/4 ჩ.კ. კაიენის წიწაკა, 1 ს.კ. სელის მარცვლები, ვაბლნდერებთ და მივირთმევთ.

ძილის წინ, ვიღებთ სადეტოქსიკაციო აბაზანას, სადაც ჩავყრით 21/2 ჭიქა ეპსომის მარილს და ჩავაწვეთებთ 10 წვეთ ლავანდას ზეთს.

სულ ეს არის. არ გამომრჩეს, უცებ გასწავლით როგორ მოამზადოთ სახლში ნუშის რძე, ძალიან მარტივია, გემრიელი და სუპერსასარგებლო: ვიღებთ 200 გრ. ნუშს, ვასხამთ წყალს ორჯერ მეტ რაოდენობას და 1-2 ღამით ვტოვებთ დასალბობად. ნუში კარგად რომ დალბება, ამოვიღებთ, დრუშლაგით (ხომ ასე ქვია?!) წყლის ქვეშ კარგად გავავლებთ, ჩავყრით ბლენდერში, დავასხაამთ 400 მლ. წყალს და კარგად დავაბლენდერებთ. მიღებულ მასას გადავწურავთ და რაც დარჩება სითხის სახით, ესაა თქვენი ნუშის რძე. შედგამთ მაცივარში და რამდენიმე დღე შეინახება.

აბა წარმატებებს გისურვებთ, შეკითხვები თუ გექნებათ, აუცილებლად მომწერეთ და ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებთ.

ანიკა



მსგავსი ბლოგები