წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

სელის სასარგებლო თვისებების შესახებ

ბლოგი:
ივლისი 02, 2012
ავტორი Anika
ხომ იცით, როგორ მიყვარს ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებული საინტერესო აღმოჩენების კეთება და შემდეგ თქვენთვის გაზიარება?! განსაკუთრებული ინტერესით ვეკიდები ჯანსაღ კვებას და ნებისმიერი ტიპის სიახლეს, რომელიც ანიკას ბლოგის მკითხველებისთვის სასარგებლო და ინფორმაციული შეიძლება აღმოჩნდეს.

დღევანდელი წერილის თემა აღმოჩენა ნამდვილად არის - სელის მარცვლებს ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წლით ადრე მოიხმარდნენ ბაბილონში, მისი განსაკუთრებული სამკურნალო თვისებების გამო. დღეისთვის დასავლეთში და განსაკუთრებით ამერიკის კონტინენტზე, სელის მარცვლებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. მის აქტიურად იყენებენ არაერთი საკვები პროდუქტის დასამზადებლად და საკვები დანამატების სახითაც.



მიუხედავად მრავალფეროვანი სასარგებლო თვისებებისა, სელის ზეთის “სამკურნალო რეპუტაცია” ძირითადად მასში შემავალ ომეგა-3 ჯგუფის ცხიმმჟავების უნიკალურ კომპლექსს, ლიგნანების (ლიგნანებს მცენარეული ესტროგენების და ანტიოქსიდანტის თვისებები გააჩნია) და უჯრედისის მაღალ შემადგენლობას ეფუძნება. ამ ყველაფერს კი სამეცნიერო კვლევების მონაცემებით, გულსისხლძარღვოვანი დაავადებების, სიმსივნის და დიაბეტის რისკ-ფაქტორების შემცირება შეუძლია. გარდა ამისა, სელის მარცვლები ძალიან ეფექტურია საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს, თმების და ფრჩხილების სიჯანსაღის ხელშესაწყობად.

არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით არის უმჯობესი სელის მიღება: დაფქული მარცვლების თუ სელის ზეთის სახით. ექიმების მტკიცებით, სასარგებლო თვისებები უფრო სრულყოფილად მარცვლებში ნარჩუნდება, ვიდრე სელისგან მიღებულ ზეთში. თუმცა, ამ მიმართულებით ჩატარებული ზოგი სამეცნიერო კვლევა ეწინააღმდეგება ამ მოსაზრებას და ამტკიცებს, რომ სათანადოდ მიღებულ ზეთშიც არის შესაძლებელი იმავე შემადგენლობის მიღწევა.



თბილისის რეალობაში სელის მოძიებას რაც შეეხება, მინდა გითხრათ, რომ სელის მარცვლების შეძენა (სრულყოფილი, დაუფქვავი) აფთიაქებში არის შესაძლებელი - მისი დაფასოება ადგილობრივად ქართული კომპანიების მიერ ხდება. ხოლო სელის ზეთს რაც შეეხება, აქ არჩევანი ორგვარია: შეგიძლიათ ჩვეულებრივად სალათებზე მოსასხმელად შეიძინოთ, ჩვეულებრივი ზეთის სახით (პირადად მე, “გუდვილში” ვიყიდე) ან შეგიძლიათ საკვები დანამატის ფორმით, კაფსულებში მოთავსებული იყიდოთ. ამ უკანასკნელ ვარიანტს რაც შეეხება, თბილისის სააფთიაქო ქსელებში სამწუხაროდ ვერ შევძელი მოძიება და ამიტომაც, სისტემატურად Amazon.com-დან ვიწერ ხოლმე - Flaxseed Oil softgels, ასეთი სახელწოდებით შეგიძლიათ მოძებნოთ და გამოიწეროთ. დოზირება ინდივიდუალურ შეფუთვაზე არის მითითებული და როგორც წესი, დღეში 2-3 კაფსულას შეადგენს.

ჰო, კინაღამ გამომრჩა, რომ გუშინ ახალ პროდუქტს გადავაწყდი - შვრია-ჭვავის ფაფა ქატოთი და სელის თესლით, რომელიც Nordic-ის პროდუქციის თაროზე აღმოვაჩინე. დღეს დავაგემოვნე და მინდა გითხრათ, ძალიან კარგი არჩევანია ჯანმრთელი საუზმის მოყვარულებისთვის.

მოკლედ, დღეისთვის სულ ეს იყო. შეკითხვები თუ გექნებათ, მომწერეთ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები