We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

სურნელოვან ღრუბლებში

_from blog_:
_June_ 14, 2012
_by_ Anika
იმ ფაქტზე, რომ სუნამო ყველა ჩვენგანს გვიყვარს, დავას არ ვაპირებ. ყოველ შემთხვევაში, ძალიან დიდ უმრავლესობას, რომ სუნამოს გარეშე არსებობა ვერც წარმოგვიდგენია, დადასტურებული ფაქტია. სუნამო განწყობას გვიმაღლებს, კონკრეტულმა სურნელმა შეიძლება სასიამოვნო დრო და გარემოებები გაგვახსენოს, ზაფხულის ცხელ დღეებში მოულოდნელი სიგრილის შეგრძნება, ზამთარში კი - სიამოვნების მომგვრელი სითბო მოიტანოს. მოკლედ, სუნამოს პატარ-პატარა “ჯადოქრობების” მოხდენა შეუძლია.

ამ პოსტში მინდა უჩვეულო, განსხვავებული კატეგორიის სურნელებზე გესაუბროთ, რომლებსაც მარტივად ყველგან ვერ წააწყდებით. ეს ისეთი პროდუქციაა, რომელსაც არასტანდარტული შემადგენლობა და გამორჩეულად კონცენტრირებული სურნელი ახასიათებს - მოკლედ, არომახელოვნების უმაღლეს ინსტანციაზე და მის სიახლეებზე გვექნება საუბარი. ექსკლუზიურ გაყიდვებსა და შემადგენლობასთან ერთად, ამ სურნელებს ფასიც არასტანდარტულად მაღალი აქვთ - თუმცა, სახასიათო სუნამოების მოყვარულებისთვის ვფიქრობ, ეს გონივრული ინვესტიცია იქნება.



Giorgio Armani-ის ახალ სურნელს - Cuir Noir, Armani Prive – საფუძვლად ტყავის დამუშავების უძველესი ხელობა უდევს. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ტყავის სახელოსნოების უნიკალურ სურნელს სუნამოში კორიანდრის, ტკბილი კოჭას და ვარდის სურნელი იმეორებს.



ამბობენ, Carner Barcelona-ს ყველა სუნამო ესპანეთის ტრადიციული ღირებულებების ერთგვარ არომატიზირებას ემსახურებაო. პარფიუმერების მონათხრობით, ახალი სურნელი Tarde (რაც ესპანურად დღეს ნიშნავს) ქლიავის და კედრის არომატების მეშვეობით ესპანელების ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ და შეურყვნელ დღის მონაკვეთზე, შუადღის სიესტაზე მიგანიშნებთ.



დიორის სახლის ლეგენდარული დამაარსებლის, ქრისტიან დიორის განსაკუთრებულ სიყვარულს ელეგანტური წვეულებების და ფუშფუშა საღამოს კაბებისადმი იდეალურად გამოხატავს ამ სახლის ახალი სურნელი - La Collection Privee, Dior, Grand Bal - ჟასმინის ნოტებით გამდიდრებული სუნამო შესაბამისად სადღესასწაულო განწყობის მომგვრელია.



ვისაც აზიისა და აზიური კულტურისადმი განსაკუთრებული სენტიმენტები გაგაჩნიათ, აუცილებლად მოგეწონებათ კილიან ჰენესის მიერ გამოშვებული არომაკოლექცია სახელწოდებით Asian Tales. ამ კოლექციის პირველი სუნამოს - Water Calligraphy -ყვავილოვან-ციტრუსოვანი სურნელი იეროგლიფების მოხატვის ხელოვნებას ეძღვნება.

თქვენი არ ვიცი და მე კი ძალიან გამიღვივა ინტერესი ამ არომატიულმა დახასიათებებმა. თანაც, განსაკუთრებით ის იდეა მხიბლავს, რომ სურნელები საკმაოდ სახასიათოა და სხვას არცერთს ჰგავს - ამიტომაც მგონია, რომ უფრო მეტია იმის შანსი, რომ საკუთარი ინდივიდუალიზმზე მორგებული სურნელის აღმოჩენა მოახერხოთ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_