წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

თმის მეზოთერაპია და მისი შედეგები

ბლოგი:
თებერვალი 19, 2014
ავტორი Anika
მეზოთერაპიის ხსენებაზე უმრავლესობა ჩვენგანს პატარათავიანი ნემსი და სახის კანზე გაკეთებული მრავლობითი, მტკივნეული ინექციები წარმოუდგება, რაც რეალობისგან შორს არ არის: მეზოს ინექციები ნამდვილად მოკლეთავიანი, არასტანდარტული ნემსით კეთდება და დიახ, მეზოს ყველაზე ხშირად სწორედ რომ სახის და ყელის მონაკვეთზე იკეთებენ. თუმცა, შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა არც იცოდეს იმის შესახებ, რომ მეზოთერაპიის ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული ფორმა თმისთვის გაკეთებული ინექციებია, რომელთა მეშვეობითაც თავის კანისთვის სისხლის მიწოდება უმჯობესდება და თმის ბოლქვები საჭირო სავებ ნივთიერებებს იღებენ. ეს ყველაფერი კი ბევრ პაციენტს არაერთი პრობლემის გადაჭრაში ეხმარება.

როდის ვიკეთებთ თმისთვის მეზოთერაპიას? - ანდროგენული გამელოტებისას, თმის პათოლოგიური ცვენისას (ალოპეცია), სებორეის დროს, თმის მსხვრევადობის დროს და თავის კანის ქავილისას.

როდის არ შეიძლება თმის მეზოთერაპიის ჩატარება? ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, გამოყენებული პრეპარატის მიმართ ალერგიული ფონის არსებობისას, ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებების დროს და იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ნემსის პათოლოგიური შიში გაქვთ - ასეთებიც არსებობენ!

როგორ ტარდება თმის მეზოთერაპია? - ამ დროს თავის კანზე კეთდება სპეციალური, სამკურნალო პრეპარატის ინექციები, რომლებიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიუალურად უნდა შეირჩეს. მართალია, ზოგადად, მეზოკოქტეილები იაფ კატეგორიას არ მიეკუთვნებიან და სრულფასოვანი კურსის ჩატარება საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა, მაგრამ როგორც გამოცდილი პაციენტები ადასტურებენ, შედეგი გადახდილ თანხად ღირს.

თმის მეზოკოქტეილები მეტწილად ცინკისგან, ამინომჟავებისგან და B ჯგუფის ვიტამინებისგან შედგება, რომლებიც თმის ცვენას ეფექტურად და კომპლექსურად ებრძვიან და თმას ჯანმრთელ იერსახეს უბრუნებენ. ზოგიერთი მეზოკოქტეილი დამატებით მელანინსაც შეიცავს, რაც თმის ზრდას აჩქარებს და მის გაჭაღარავებას აფერხებს.

კოქტეილი თავის კანქვეშ 2-4 მილიმეტრის სიღრმეზე შეჰყავთ სპეციალური, წვრილი ნემსით - მანუალურად, ან კიდევ საგანგებო პისტოლეტის მეშვეობით - აპარატით. თითოეული პროცედურის ხანრძლივობა საშუალოდ 30 წუთს შეადგენს.

ზოგადი რეკომენდაციის მიხედვით, მეზოთერაპიის კურსით მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად, სასურველია 10-მდე პროცედურის ჩატარება.

მეზოთერაპიის სეანსის დღეს არ არის რეკომენდირებული რამე სხვა პროცედურის ჩატარება თმაზე, ხოლო სეანსის შემდეგ კი, 2 დღის განმავლობაში გეკრძალებათ თავის დაბანა, სპორტული აქტივობა, აუზის სტუმრობა და შხაპის მიღება.

და ბოლოს, მნიშვნელოვანია, რომ სამკურნალო კურსი სათანადო ცოდნის და გამოცდილების მქონე სპეციალისტმა ჩაატაროს - ასე, რომ ვიდრე კურსის კეთებას შეუდგებით, აუცილებლად კარგად გადაამოწმეთ ინფორმაცია, გამოკითხეთ გამოცდილების მქონე პაციენტები და უკვე შემდეგ ესტუმრეთ სპეციალისტს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები