წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ტონალური საცხების ეპოქა

ბლოგი:
დეკემბერი 16, 2013
ავტორი Anika
მახსოვს, ამერიკაში პირველად რომ ჩავედი (1998-99), ერთ-ერთი რაც განსაკუთრებულად მომხვდა თვალში, ახალგაზრდა გოგონების მაკიაჟი იყო. ეს ახალგაზრდები (მათი ასაკი სადღაც 15-16 წლიდან იწყებოდა) სახლიდან “აუცილებელი მაკიაჟის” გარეშე არ გადიოდნენ. და ეს მაკიაჟი ტუშთან და პომადასთან ერთად, სავალდებულო წესით გულისხმობდა ტონალური კრემის არსებობას - ტონალურის, რომელიც ქართულ რეალობაში ჯერ კიდევ “დასავლურ ტენდენციად” ითვლებოდა.

დღეისთვის პრიორიტეტები და ჩვევები შეიცვალა და ალბათ, ქართველი გოგონების გამოკითხვა რომ ჩატარდეს, ყოველი მეორე მათგანი ტონალური საცხის აქტიური მომხმარებელი აღმოჩნდება. ის ნაწილი, კი ვინც ამ პროდუქტისადმი დღემდე გულგრილი რჩება, ამ განწყობას კონკრეტული ფაქტორებით ხსნის: ტონალური ფორებს ბლოკავს და კანი არ სუნთქავს; ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სახეზე ნიღაბი მეკეთოს; ტონალურის შემდეგ ნაოჭები კიდევ უფრო მეტად მეტყობა. მოკლედ, ასეთ მიზეზებს რა გამოლევს. თუმცა, ამ კატეგორიის არსებობა არანაირად არ უშლის ხელს ტონალური საცხების მზარდ პოპულარობას: უკანასკნელი 3-4 წლის განმავლობაში მათი გაყიდვები 20-30%-ით გაიზარდა, როგორც სხვადასხვა კვლევები ადასტურებენ. მიზეზი კი მარტივია: ქალების დიდი ნაწილი მიხვდა, რომ თუ კანი მაქსიმალურად სრულყოფილად და მოვლილად არ გამოიყურება, დაივიწყეთ “რა ლამაზად გამოიყურები!” შეფასებები და ფეისბუქზე ატვირთული კეკლუცი ფოტოები.

690x233_1_2aee737ce3c1aea81409a89f4a6700a3@1000x338_0xd42ee42a_12860512871383642686

Bobbi Brown-ის არტ-დირექტორი ედუარდო ფერეირა ქალებს ურჩევს, რომ ტონალური კრემის წასმისას თითები დაივიწყონ: “თითები ტონალურ საცხში შემავალ დამატენიანებელ კომპონენტებს იწოვენ და ამით საცხის სტრუქტურას არღვევენ.” ამ შემთხვევაში იდეალური არჩევანი ტონალურის წასასმელი სპეციალური ბრტყელი ფუნჯია. “წასმა ცხვირის ნესტოების ზონიდან დაიწყეთ”, გვრიჩევს ფერეირა. კოლეგის დარიგებებს იზიარებს და თითების გამოყენებას უგულვებელყოფს Clarins-ის შემოქმედებითი დირექტორი ერიკ ანტონიონიც. “ტონალურის წასმას ნიკაპიდან ვიწყებ და ნელ-ნელა ავდივარ ზევით, ყველაზე ბოლოს კი შუბლის ზონას ვფარავ,” ამბობს ანტონიონი, “ეს ერთგვარი მასაჟიცაა და ლიფტინგის ეფექტიც აქვს.”

690x371_1_4386532f61406ac3623eba2b041a95c1@813x438_0xd42ee42a_12738363131383642686

ამას გარდა, სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ტონალური საცხის ფერის შერჩევისას აუცილებლად მოვსინჯოთ ის უშუალოდ სახეზე ან ყელზე და არა ხელზე! ასე მარტივად შეიძლება არასწორი არჩევანი გააკეთოთ. და აუცილებლად უნდა გამოვიჩინოთ ზომიერება წასმისას, რომ ზედმეტი არ მოგვივიდეს.

და ბოლოს, ზოგიერთს ჰგონია, რომ თუ მეტ ტონალურს წაისვამს, ასე უფრო კარგად შენიღბავს დეფექტებს - ეს არასწორია! ამგვარი დეფექტების შესანიღბად სპეციალური კონსილერი უნდა გამოიყენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არაბუნებრივ სახის ფერს მიიღებთ და მაკიაჟიც დიდ ხანს არ გაგიჩერდებათ სახეზე.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები