წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

უშაქრო დიეტა “100” ხორხე კრუზისგან

ბლოგი:
ივლისი 22, 2013
ავტორი Anika
ცნობილი ამერიკელი ფიტნეს-გურუ ხორხე კრუზის ერთთვიანი უშაქრო დიეტა ამჟამად ყველაზე მოდურია ამერიკელ ქალბატონებს შორის. უნიკალური აღმოჩენა არ გეგონოთ - ეს დიეტა ძალიან ჰგავს აწ უკვე პოპულარულ დაბალნახშირწყლოვან დიეტებს, თუმცა, კრუზს რაციონის შედგენის განსხვავებული მიდგომა აქვს. კერძოდ, როგორც დიეტის სახელწოდებაში ხედავთ, ციფრი 100 საკრალურია კვების რეჟიმისას: წონაში ეფექტურად დასაკლებად, სწორედაც რომ 100-მდე უნდა დავიყვანოთ დღის განმავლობაში შაქრისგან მიღებული კალორიები.

როგორც კრუზი გვარწმუნებს, “ფარული შაქარი” ისეთ სასარგებლო პროდუქტებშიც კი გვხვდება, როგორიც ვაშლი და ფორთოხალია. სხვადასხვა საკვებში არსებული კალორიები კი სხვადასხვაგვარად მოქმედებენ ჩვენს ორგანიზმზე. მაგალითად, “შაქრის” კალორიები მუცლის მიდამოებში ცხიმის დაგროვებას უწყობს ხელს, რაც ლამაზი სილუეტის მოსაპოვებლად საუკეთესო გზა ნამდვილად არ არის. “შაქრის კალორიების” გამოთვლა რთული არ ყოფილა: პროდუქტის შეფუთვაზე უნდა ამოვიკითხოთ მასში ნახშირწყლების შემადგენლობა და ეს ციფრი 4-ზე გადავამრავლოთ. ვაშლის მაგალითს თუ ავიღებთ, საშუალო ვაშლში დაახლოებით 20 გრამი ნახშირწყალი შედის, შესაბამისად “შაქრის კალორების” რაოდენობა 80 გამოვა. შესაბამისად, თუ ამ დიეტას დაიცავთ, მაშინ დღის განმავლობაში ერთი ვაშლის მიღება სრულად ამოწურავს თქვენი “შაქრის კალორიების” ლიმიტს - ზაფხულისთვის ალბათ, ყველაზე იდეალური არჩევანი არ უნდა იყოს. თუმცა, ერთი ჭიქა ღვინის დაგემოვნებით “შაქრის კალორიების” მხოლოდ 14 ერთეულს აითვისებთ - აი ასე.

419@628@6c678b19304bac4955642da28ea548f1-NzBkZmMwNDFkYQ

ვიცი, რასაც გაიფიქრებთ - ტკბილეულის “წასუსნავება” უმეტეს ჩვენგანს ძალიან გვიყვარს და ამ დიეტის დაცვა ნაკლებრეალური პერსპექტივაა. ჩემი აზრით, მათთვის, ვისაც დაბალნახშირწყლოვანი დიეტა უკვე გამოუცდია (დიუკანის დიეტა) და არ გაუჭირდა მისი დაცვა, ხორხე კრუზის დიეტა არ უნდა იყოს შეუსრულებელი მიზანი. ასეთი დიეტების დროს დღის რაციონი ხორცით, ყველით, კვერცხით, ზეთით, მწვანე სალათის ფოთლებით და ნახშირწყლების მინიმალური შემცველობის სხვა ბოსტნეულით არის გაჯერებული. “საქმე ინსულინშია,” ამბობს კრუზი, “ბევრს მიაჩნია, რომ წონაში დასაკლებად ცოტა უნდა ჭამოს და ბევრი ივარჯიშოს. კალორია კი ყველა თანაბარი არ არის - სხვადასხვა გზით მიღებული კალორიები ორგანიზმზე განსხვავებულად მოქმედებენ.”

“შაქრის კალორიების” დეტალური ცხრილები და რეკომენდირებული პროდუქტების ჩამონათვალი ავტორის წიგნშია მოცემული. ტკბილეულის მოყვარულებისთვის არაერთი ისეთი რეცეპტია მოცემული, რომლებიც ტკბილის მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში შაქრის გარეშე დაგვეხმარება: მაგალითად, დიეტური მაფინი, სადაც ჩვეულებრივი ფქვილი სელის მარცვლების ფქვილით არის ჩანაცვლებული. ეს წიგნი Amazon-ზე 15.64 დოლარად იყიდება, ყველაზე ცნობისმოყვარეებს კი kindle ვერსიის გადმოწერა 14.74 დოლარად შეგიძლიათ. თუ ავტორის დაპირებას - თვეში საშუალოდ 8 დაკლებული კილოგრამი - გავითვალისწინებთ, ვფიქრობ, ცდად უნდა ღირდეს.

მომდევო პოსტამდე,

ანიკა



მსგავსი ბლოგები