წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ვარჯიში და სიცივე

ბლოგი:
ნოემბერი 06, 2013
ავტორი Anika
ზამთრის მოახლოებასთან და ტემპერატურის ნელ-ნელა ვარდნასთან ერთად, ვარჯიშის და სპორტული აქტივობების მოტივაციაც ნელდება. ეს უკლებლივ ყველას არ ეხება, ბუნებრივია, მაგრამ საკუთარი გამოცდილებით და გამოკითხული მეგობრების პასუხებით თუ ვიმსჯელებთ, ეს “წესი” სპორტული ცხოვრებით მეტნაკლებად დაკავებული ადამიანების უმეტეს ნაწილზე ვრცელდება. არადა, დაბალ ტემპერატურაში ვარჯიშს ერთი უპირატესობა აქვს: ჩვულებრივთან შედარებით მეტი კალორიის დაწვაში გვეხმარება (გრანდიუზულ სხვაობაზე არ არის საუბარი). “ცივ ამინდში ნამდვილად მეტ კალორიას ხარჯავს ორგანიზმი”, ადასტურებს პირადი ტრენერი გლენ ჰეინი, “და ეს ხდება იმის ხარჯზე, რომ სხეულის გასათბობად ორგანიზმის მეტაბოლიზმის სიჩქარე იმატებს. ამ დროს თუ ფიზიკურად აქტიურიც იქნებით, ლოგიკურია, რომ მეტი კალორიის დაწვას შეძლებთ.”

იმისათვის, რომ ეს ზამთრის კლიმატის სიზარმაცე დავძლიოთ, შეგვიძლია კონკრეტული მიზანი დავისახოთ და კონკრეტული დღეები და დრო დავთქვათ ვარჯიშისთვის. მერწმუნეთ, გამომიცდია და ვიცი, რომ ასე გაცილებით ორგანიზებული და ჩამოყალიბებული იქნებით და შესაბამისად ვარჯიშის გაცდენაც უფრო გაგიჭირდებათ. ამას ისიც თუ დაემატება, რომ პირად ინსტრუქტორს აიყვანთ ან რომელიმე კლუბში ვარჯიშის კონკრეტულ სახეობაზე ჩაეწერებით, მაშინ ანგარიშვალდებულების და პასუხისმგებლობის გრძნობა ნამდვილად ვეღარ მისცემს გასაქანს თქვენს სეზონურ სიზარმაცეს.

winter-workout-art

მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად აქტიური ადამიანების უდიდესი ნაწილი ზამთარში შენობის შიგნით ვარჯიშს ანიჭებს უპირატესობას, არ დაივიწყოთ, რომ სუფთა ჰაერზე სირბილი და/ან ძუნძული არანაკლებ ეფექტური არჩევანია. რამდენიმე რჩევა სპეციალისტებისგან, რომელიც ზამთარში სირბილის თუ ჰაერზე ვარჯიშის დროს უნდა გავითვალისწინოთ:

  • -10-ზე დაბალ ტემპერატურაში სირბილი ნაკლებად რეკომენდირებულია იმის გამო, რომ ამ დროს კუნთების დაჭიმვის საშიშროებაა;

  • ყოველთვის ჩაიცვით ისე, თითქოს გარეთ არსებულზე 6-10 გრადუსით დაბალი ტემპერატურა იყოს, ანუ უფრო თბილად. ასე უფრო სწრაფად შეძლებთ ორგანიზმის გახურებას. და ნუ ჩაიცვამთ კოტონის სამოსს, ვინაიდან ის სისველეს არ იწოვს;

  • კარგი იქნება, თუ სახლიდან გასვლამდე ცხელ შხაპს მიიღებთ: რაც უფრო ცივა გარეთ, მით უფრო მეტი დრო ესაჭიროება ორგანიზმს გასათბობად. ამიტომაც, შხაპის ალტერნატივა ძალიან სასარგებლო იქნება;

  • და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ, წყლის მომარაგება. ზამთარში, რატომღაც, ნაკლებ სითხეს ვიღებთ ხოლმე, თითქოს საჭიროება არ იყოს, რაც შეცდომაა. ჰაერში არსებული სიმშრალე სხეულის ტენიანობას ისრუტავს, სწორედ ამიტომაც აუცილებელია, რომ 1.5 ლიტრი წყალი მაინც მივიღოთ დღის განმავლობაში.


მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები