თელავი ერთ-ერთი უძველესი ქართული ქალაქია, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთში, მევენახეობისა და მეღვინეობის მთავარ კერად მიჩნეულ რეგიონში, კახეთში მდებარეობს და მის მთავარ კულტურულ და ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს. ქალაქი გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზეა გაშენებული და მაღლიდან გადაჰყურებს ულამაზეს ალაზნის ველს, რომელსაც მთელ სიგრძეზე მიუყვება კავკასიონის მთათა სისტემა. ქალაქის განლაგება ამ ხედით ტკბობისთვის იდეალურია და ნებისმიერი, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა თელავში, მის მომნუსხველობას საკუთარ თავზეც გამოცდიდა.
ქალაქის ცენტრში ნახავთ თელავის არაოფიციალურ სიმბოლოდ ქცეულ 900 წლის ჭადარს, რომელიც ისტორიის ქარტეხილების უტყვ მოწმედ დგას. აქვეა კახეთის მეფეთა რეზიდენცია, რომელიც მე-17 საუკუნეში არჩილ მეორემ ააგო, ახლანდელი სახე კი ერეკლე II-ის მეფობის დროს მიიღო. აქვე შეგიძლიათ მოინახულოთ თელავის ისტორიული მუზეუმი. საღამოს კი, თუ გადაწყვეტთ მშვიდად ისუნთქოთ სუფთა ჰაერი და ალაზნის ველის განუმეორებელი ხედით დატკბეთ, შეგიძლიათ ნადიკვრის პარკს მიაშუროთ, რომელიც თელაველების საყვარელი ადგილია.
მოედანზევე დგას თელავის თეატრი, რომელსაც ამ ქალაქისთვის ყოველთვის ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა. თელავი განთქმულია თავისი კულინარიული სასწაულებით, რომლებიც შეგიძლიათ ქალაქის კაფეებსა თუ რესტორნებში მრავალფეროვან კახურ ღვინოებთან ერთად დააგემოვნოთ. ღვინოსთან ერთად კი შეგიძლიათ გასინჯოთ თელავური ცოცხალი ლუდი „ალხანაიძე“და სრულად შეიგრძნოთ ქართული კულინარიის სასწაულები. აქ ბევრ კაფესა და რესტორანში შეგიძლიათ მიირთვათ იაფად და გემრიელად. ცნობილია თელავური ხინკალი, რომელსაც ტრადიციულად მწვანილის გარეშე და პატარა ზომისას აკეთებენ. ასევე ცალკე აღნიშვნას იმსახურებს გემოთა მრავალფეროვნებით გამორჩეული ისეთი კერძი, როგორიცაა ჩაქაფული და, რა თქმა უნდა, მწვადი, რომელიც კახური სამზარეულოს ერთ-ერთი მთავარი სიამაყეა. კახეთში შემწვარი მწვადი განსაკუთრებულად ითვლება და ამაში მარტივად დარწმუნდებით, თუ მას თელავში დააგემოვნებთ.
თელავში მოხვედრა იოლად შეიძლება. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, გომბორის უღელტეხილის გავლით, სულ რაღაც 100 კილომეტრში მდებარეობს. თელავი ის ქართული ქალაქია, რომლის ნახვა აუცილებელია, რათა სრულყოფილად შეიგრძნოთ საქართველოს კულტურული მრავალფეროვნება და ისტორიის სიმდიდრე.