ბათუმი

12 წერტილი

ბათუმი საქართველოს მთავარი ზღვისპირა ქალაქია. დღევანდელ ბათუმს მე-19 საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი, როდესაც აქ საერთაშორისო პორტი მოეწყო და პირველად გამოჩნდნენ მსოფლიო მასშტაბის ბიზნესმენები. დაკვირვებულ თვალს ქალაქი საკუთარ მრავალფეროვან ისტორიას თავადვე უყვება. ეს არქიტექტურა და ქალაქგეგმარებაა, რომელიც გეუბნება, რომ მის მშენებლობაში სხვა კულტურებიც მონაწილეობდნენ. ესაა სიმეტრიულად და ლოგიკურად გაშენებული ქალაქი, სადაც ყოველთვის ზუსტად იცი სად ხარ და ორიენტირებისთვის შეგიძლია რუკას არც შეხედო. ოდესღაც, როდესაც ის პორტო ფრანკო იყო, აქ ისეთ ცნობილ ბიზნესმენებს შეხვდებოდით, როგორებიც იყვნენ როტშილდები და ნობელები. ის ნობელი, რომლის სახელობის პრემია მეცნიერების, მწერლებისა თუ პოლიტიკოსებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ჯილდოდ ითვლება. სწორედ ძმები ნობელების სახელს უკავშირდება პირველი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოსა და ბაქოდან ბათუმამდე ნავთობსადენის მშენებლობის იდეა. ასე რომ, ბათუმი დიდი და მნიშვნელოვანი ამბების ცოცხალი მოწმეა და სხვაგან ძნელად შეხვდებით ასეთ მრავალფეროვან და მრავალშრიან ქალაქს.
ერთია ბათუმი - როგორც ზღვისპირა, საკურორტო და საპორტო ქალაქი და მეორეა ბათუმი, რომელიც ზედაპირს მიღმა იმალება. ზაფხულში ის ხალხმრავალი, ხმაურიანი, ახალგაზრდა და ენერგიული ქალაქია, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ახალი თავგადასავალი გელოდება. ხმაურიანი კლუბები, რესტორნები, კაფეები, ღამეული სეირნობები, კონცერტები, ფესტივალები და ყველაფერი, რაც კავკასიური ექსტრავაგანტურობისა და ენერგიის ამოფრქვევისთვისაა საჭირო, რომელიც მულტიკულტურულობაში განზავდება და ბათუმურ ზაფხულს გლობალური ურთიერთობებით ავსებს და მუხტავს.

ეს პატარა, წყნარი საპორტო ქალაქი სავსეა შთამაგონებელი და უჩვეულო აღმოჩენებით, ბუნების სასწაულებითა და შენობებით, რომლებიც საკუთარ ამბავს ჰყვებიან და ამ ამბის მსმენელისთვის ყოველთვის ფართოდ იხსნებიან. თუ თქვენ ბათუმს ზაფხულის გარდა სხვა სეზონზეც ეწვევით, სულ სხვაგვარი განწყობისა და ხასიათის საოცარ ქალაქს აღმოაჩენთ. ამ დროს კაფეების, რესტორნებისა და ბარების უმრავლესობა დაკეტილია. ეს ნამდვილი ბათუმია, მშვიდი და კეთილგანწყობილი ბათუმელებით, საკუთარი ისტორიებითა და ამბებით სავსე, განსხვავებულ „ბიოგრაფიას“რომ ქმნის და ჰყვება. ეს ბათუმელების ბათუმია, სადაც სტუმრობას არაფერი სჯობს.

დაბოლოს, სამზარეულო, რომელიც ყველაზე მრავალფეროვანი და გემრიელია. ზღვის პროდუქტებით შექმნილი სასწაულები თუ ტრადიციული ქართული კერძები, რომლებიც უამრავი სხვადასხვა ვერსიით შეგიძლიათ მიირთვათ ქალაქის ძალიან ბევრ კაფესა თუ რესტორანში. და მაინც, აჭარული ხაჭაპური ბათუმური სამზარეულოს მთავარი ბრენდია. ნავის ფორმის გამომცხვარი პური, რომელშიც ფენებადაა განზავებული ყველი, კარაქი და კვერცხის გული და რომელიც დაუსრულებლად გინდათ მიირთვათ. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც ქალაქში ჩასვლისთანავე უნდა დასვათ, ასე ჟღერს: „საუკეთესო აჭარული სად იღება?“

ხუმრობა იქით იყოს და ბათუმი ამ ყველაფერთან ერთად არის ქალაქი ყველასთვის, რადგან აქ მოხვედრა ყველა მნიშვნელოვანი ტრანსპორტით შეგიძლიათ. შესაბამისად, სასტუმროებიც მრავალგვარია, დაწყებული კერძო სახლში ნაქირავები ერთი ლოგინით და დამთავრებული ხუთვარსკვლავიანი ცნობილი ბრენდებითა და გამაჯანსაღებელი კომპლექსებით. ესაა ქალაქი როგორც ჰიჩჰაიკითა და კარვით მოგზაური ტურისტებისთვის, ისე საშუალო ფენის, ზომიერი კომფორტისა და ფუფუნების მოყვარული ადამიანებისთვის. ბათუმის განსაკუთრებული ხიბლის საიდუმლოც ალბათ სწორედ ისაა, რომ ეს არის ქალაქი ყველასთვის, ქალაქი, რომელშიც მთელი სამყარო ეტევა. ასე რომ, კეთილი იყოს თქვენი ფეხი ამ საოცარ, ჯადოსნურ და ყველაზე კეთილგანწყობილ ქალაქში. ეს დიდი თავგადასავლების დასაწყისია.
Read More